დღის თემა
etaloni.ge
როგორ გახდა საბავშვო ბაღის ეზო ჰოლისტური, საგანმანათლებლო სივრცე - „მოჰქონდათ მეორადი ნივთები, ჭურჭელი და სხვადასხვა მასალები“
03.07.2023

ორიოდე წელია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობის მქონე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სადაც ერთი შერეული ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, გახსნისას, გარე სივრცე სათანადოდ არ ჰქონდა მოწყობილი. ახლა კი ეზოში საოცარი საგანმანათლებლო გარემოა.

როგორც skolamdelebi.ge-ს ხარაგაულის  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი, თამარ ავალიშვილი უყვება, პედაგოგიურმა პერსონალმა, საბავშვო ბაღის გახსნისთანავე მოაწესრიგა ჯგუფის ფიზიკური გარემო და თემატური ცენტრები ხარისხის სტანდარტის და ახალი კურიკულუმის ღირებულებების შესაბამისად მოაწყო. რაც შეეხება ეზოს, მის საგანმანათლებლო სივრცედ გადაქცევაში, ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის და თემის ჩართულობა დასჭირდათ.                            

„ეზოს ფიზიკური გარემოს მოწყობა, პერსონალის შესაძლებლობებს აღემატებოდა, რადგან საჭირო იყო მეტი მატერიალური რესურსი და ფიზიკური ძალისხმევა. ამიტომ, პირადად მე და საბავშვო ბაღის გამგემ, დახმარებისათვის თხოვნით მივმართეთ ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლებს, ვესაუბრეთ მათ ეზოში გატარებული დროის მნიშვნელობაზე, თითოეული ფუნქციური სივრცის დანიშნულებაზე, „ჭუჭყიან“ თამაშებსა და „ტალახის სამზარეულოს“ მნიშვნელობასა და ღირებულებებზე და ა.შ.

რეაქცია იყო გასაოცარი - სულ რამდენიმე დღეში, ბაღის ეზოში დაიწყეს საჭირო მასალის და რესურსების შეგროვება. პროცესში, გამგესა და აღმზრდელებს, ასევე გვერდით დაუდგნენ ბაღის სამეურნეო სამსახურის  სპეციალისტი და თანდათან, მთელი პერსონალი - მოჰქონდათ მეორადი  ნივთები, ჭურჭელი და სხვადასხვა მასალები. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ფიზიკურად ჩაერთვნენ  საქმიანობებში. სულ მცირე დროში ეზო გახდა საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი, სადაც ხდება ბავშვის ჰოლისტური განვითარება და პატარებს შეუძლიათ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელონ თავისუფალი და მრავალფეროვანი თამაშები და აქტივობები. მთელი ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და ემოციური იყო. ბოლოს კი ვნახეთ ბედნიერი ბავშვები და შედეგით გახარებული უფროსები“, - გვითხრა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტმა.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი