დღის თემა
etaloni.ge
„ქვეყანაში პარადოქსული სურათია - მთავრობა უკეთ ეხმარება მცირე საჭიროების მქონე ბავშვებს, ვიდრე მნიშვნელოვანი საჭიროებისას“
02.07.2023

„ოჯახებს უწევთ დიდი ფინანსური ხარჯის გაწევა და, უმრავლეს შემთხვევაში, არ აქვთ თანხები მათი შშმ ბავშვების თანასწორი მონაწილეობისთვის საჭირო საგნებისა და მომსახურებებისთვის“, - აღნიშნულია აეროს ბავშთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაში, რომლის მიზანიც გახლდათ, უკეთ გავიგოთ ოჯახის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ის ფინანსური ტვირთი, რომელიც გამოწვეულია კომუნიკაციის, გადაადგილების, სკოლაში სიარულის, სოციალიზაციის, თანატოლებთან თამაშის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სხვა აქტივობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების ღირებულებით.

კვლევამ გამოავლინა, რომ  საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის თანასწორი მონაწილეობითვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების საფასურის გადახდა საქართველოს ოჯახების უმეტესობას არ შეუძლია. ამით ნათელი ხდება, თუ რა ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან ოჯახები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზრდიან.

კვლევა ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ამჟამად არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა შედარებით ერთგვაროვანია და არ პასუხობს მათი საჭიროებების  მრავალფეროვნებას. ის, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა დახმარების სხვადასხვა დონეებს და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ ხარჯებს,  განაპირობებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მრავალი ბავშვი ვერ იღებს საკმარის მხარდაჭერას. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მობილობასთან, მომსახურებების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებასთან, სახლის ადაპტაციის და ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვასთან დაკავშირებულ ხარჯებს უმეტეს შემთხვევაში გაიღებს ოჯახი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ფინანსურ ტვირთს.

სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აქვთ. დიდ ქალაქებში მგზავრობის საჭიროება, სადაც კონცენტრირებულია მათთვის საჭირო მომსახურებები, დაკავშირებულია საცხოვრებლის მოკლევადიან დაქირავებასა და ამასთან დაკავშირებულ სხვა დროებით ხარჯებთან.

კვლევის მიხედვით:

მნიშვნელოვანი საჭიროების მქონე შშმ ბავშვებისთვის საჭირო ხარჯები მერყეობს 1,304 ლარიდან 6.270 ლარამდე. ამ თანხაში შედის ყოველთვიურად მოსახმარი საგნებისა და მომსახურებების ღირებულება და ასევე - ყოველ ორიდან ოთხ წელიწადში ერთხელ ან ერთჯერადად შესაძენი ნივთების თვიური წილი.

მცირე საჭიროებების მქონე შშმ ბავშვების შემთხვევაში, საჭირო ხარჯები ვარირებს 344 ლარიდან 5.758 ლარამდე.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ყველა შშმ სტატუსის მქონე პირი 340 ლარს იღებს, მანამდე კი ეს თანხა 275 ლარი იყო.

„საჭირო საგნებისა და მომსახურებების მთლიანი ხარჯიდან სახელმწიფოს თეორიული წილის ანალიზმა საინტერესო ტენდენცია აჩვენა: მთავრობა თითქმის ერთგვაროვან დახმარებას უწევს (თვიური ფულადი დახმარებისა და საგნებისა და მომსახურებების მიწოდების გზით) ბავშვების ყველა ჯგუფს, შეზღუდული შესაძლებლობის ტიპისა და ხარისხის მიუხედავად. თეორიულად, კონკრეტულ ადგილებში მომსახურებების არსებობის შემთხვევაში, მთავრობის მიერ გაწეულმა დახმარებამ უნდა დაფაროს მთლიანი დამატებითი თვიური ხარჯების დაახლოებთ 39 პროცენტი.

მთავრობის მხარდაჭერაში არ არის გათვალისწინებული შშმ ბავშვების ცალკეული მახასიათებლები და საჭიროებები. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ამჟამინდელი სისტემა არ იძლევა შშმ ბავშვთან დაკავშირებული ინდივიდუალური მდგომარეობის იდენტიფიცირების საშუალებას.

შედეგად, დგება პარადოქსული სურათი: მთავრობა უკეთ ეხმარება მხარდაჭერის მცირე საჭიროების მქონე ბავშვების, ვიდრე მნიშვნელოვანი საჭიროების მქონეებს. ამრიგად, მნიშვნელოვანი საჭიროების მქონე ბავშვიან ოჯახებს მეტის დახარჯვა უწევთ საკუთარი ჯიბიდან...

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვი შშმ პირის ერთნაირ სტატუსს იღებს. ეს არის სტატუსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი“, რომელიც ბავშვებისთვის უნიფიცირებულ ფულად შემწეობას ითვალისწინებს. შედეგად, შშმ ბავშვების ძალიან დიდ რაოდენობას არ აქვს ადეკვატური რეგისტრაცია ან შესაბამისი დაფარვა. სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემის შედარებითი ერთფეროვნება ვერ პასუხობს ბავშვების განსხვავებულ საჭიროებებს, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის ყველა ჯგუფს ეძლევა ფულადი შემწეობისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მსგავსი პაკეტი, მიუხედავად იმისა, მხარდაჭერის საჭიროების მქონეთა რომელ კატეგორიაში არიან ისინი - მნიშნელოვანი თუ მცირე“, - ნათქვამია გაეროს ბავშთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაში.

იხილეთ ასევე:

მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი