1-ელ ივლისს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სკოლაში წამსვლელ აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის გამოსაშვები ჯგუფების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
„საღამო იყო შთამბეჭდავი და სახალისო თეატრალიზებული სანახაობებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით. ასევე გაიმართა წიგნი-რვეულის „პირველკლასელთა აკადემია“ პრეზენტაცია. წიგნი-რვეული გათვალისწინებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის 2915 აღსაზრდელზე. დასასრულს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, დავით დიასამიძემ სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა“, - გვამცნობს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
„პირველკლასელთა აკადემია“, მომავალ პირველკლასელებს, ბათუმის მერიამ საჩუქრად გადასცა.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, „პირველკლასელთა აკადემია“ ამ ასაკის ბავშვებისთვის საჭირო, საშინაო მეცადინეობებისთვის შექმნილი წიგნ-რვეულია, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი, საინტერესოა და მისი დახმარებით, პატარები სასწავლო წლის დაწყებამდე, შემეცნებით-გასართობი სავარჯიშოებით გაიმდიდრებენ ცოდნის არეალს.
„ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას! მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები აუცილებლად დაგეხმარებათ დაწყებითი საფეხურის განათლების მიღების პროცესში. მინდა გისურვოთ ნათელი მომავალი და ჯანსაღი გარემო“, - მიმართავს ბათუმის მერი მომავალ პირველკლასელებს.
იხილეთ ფოტოები: