ახალციხის N1 ბაგა–ბაღის ყოფილმა აღმზრდელმა, მარინა ლალუაშვილმა, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას საქმე უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. უზენაესმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
მარინა ლალუაშვილის უფლებადამცველის, ნინო დემეტრაძის განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს სადაო გადაწყვეტილებაც გააუქმა, რომლითაც ბაღების გაერთიანების მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებდა. სააპელაციოს გადაწყვეტილება ლალუაშვილის სამსახურში აღდგენის ნაცვლად ერთჯერად, 1 000–ლარიან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა, რასაც მოსარჩელე მხარე არ ეთანხმებოდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ანაიდ ოგანესიანს, რომ ასე სამართლიანი და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე“,- აცხადებს ნინო დემეტრაძე ადგილობრივ მედიასთან.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე შედის და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებას გარდა სამსახურში აღდგენისა, ლალუაშვილისთვის (27 ივნისის მდგომაროებით) 9 600 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოუწევს.
N1 ბაგის აღმზრდელი, მარინა ლალუაშვილი სამსახურიდან 2021 წლის ივნისში გაათავისუფლეს, გათავისუფლებამდე ოთხი თვით ადრე კი საყვედური გამოუცხადეს.
„ჯერ საყვედურში, შემდეგ კი გათავისუფლების ბრძანებაში ეწერა, თითქოს მარინა ლალუაშვილი კონფლიქტური პიროვნება იყო და პედაგოგებს მის მიმართ ჰქონდათ პრეტენზია. თითქოს იგი არ ქმნიდა კარგ სამუშაო პირობებს. აღნიშნულ საკითხზე პედაგოგებმა მიმართეს ბაღის მენეჯერს. ეს იყო თანამშრომლების ერთობლივი განცხადება, დაახლოებით 15 თანამშრომლიდან ამაზე ხელს 12 აწერდა... მხოლოდ წერილობითი დოკუმენტაცია მოიტანეს მტკიცებულების სახით და არა მოწმეები, რომლებიც უშუალოდ დაადებდნენ ხელს. ჩვენ გვყავდა მოწმე, რომელსაც მარინას მიმართ არ ჰქონდა პრეტენზია“, – ამბობდა ადვოკატი, ნინო დემეტრაძე.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინა ლალუაშვილის სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ დაწესებულების საჩივარი მხოლოდ ერთ პუნქტში დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციოს გადაწყვეტილებას ლალუაშვილის სამსახურში არაღდგენის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილება მან უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
წყარო: sknews.ge
იხილეთ ასევე:
საბავშო ბაღი, სადაც მშობლებს ბავშვების მიყვანის ეშინიათ - დაწესებულების ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად იქცევა
„ბაღში უხეშად ირღვევა ბავშვების განვითარების, სწავლის და ყველა ის უფლება, რისთვისაც იქ დადიან“ - აღსაზრდელების მშობლებმა პეტიცია შეადგინეს