თვითშეფასების კითხვარის შევსებას მეორე ეტაპზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საბავშვო ბაგა-ბაღი განახორციელებს, - აღნიშნულ ინფორმაციას გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება ავრცელებს.
გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პირველი ეტაპი - თვითშეფასების კითხვარის შევსება კახეთის რეგიონში გურჯაანიდან იწყება.
კითხვარის შევსების პროცესში ყველა ბაღიდან მენეჯერის ჩათვლით ოთხი თანამშრომელი ჩაერთვება. მუნიციპალიტეტში არსებულ 37-ვე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევები“ გადაეცათ, რომელიც ავტორიზაციის გავლის პროცესში მათი სახელმძღვანელო იქნება.
კითხვარის შევსებას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი, მაკა ხუნჯუა კურირებს, რომელიც სამიზნე ბაღების მენეჯერებს უკვე შეხვდა.
თვითშეფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესი გურჯაანის 16 საბავშვო ბაღში მომდევნო კვირიდან დაიწყება.
მოგეხსენებათ, უკვე შეიქმნა საბავშვო ბაღების რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა მოქმედი საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება. ასევე, შემუშავდა და განახლდა ავტორიზაციის სტანდარტები.
ახლა კი, თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმაზე ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ თვითშეფასების პროცესი ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს.
2024 წელს გაკეთდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროებების ანალიზი და განხორციელდება ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით.
2025-2030 წლებში განხორციელდება ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია მათი მზაობიდან გამომდინარე გაწერილი გრაფიკის საფუძველზე.
იხილეთ ასევე: