რამდენად თანაბარია აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურება და რა მიდგომა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ? - კითხვები განათლების კომიტეტისგან
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე თემატური მოკვლევა დაიწყო.
თემატური მოკვლევის პროცესში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გააგზავნოს თავისი პოზიცია თანდართული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის შესაბამისად, 20 ივლისამდე, ამ ელექტრონულ მისამართზე - edu@parliament.ge.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ინიცირებულ თემატურ მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა მოსაზრებები, ხედვები და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მიაწოდონ:
ინფრასტრუქტურა
- რა გავლენას ახდენს დაწესებულებების ინფრასტრუქტურა სკოლამდელი განათლების ხარისხიან მიწოდებასა და ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე?
- რა განსხვავება არსებობს ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მხრივ ქალაქებსა და რეგიონებში კერძო და საჯარო დაწესებულებებში?
- რა სახის ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგანან დაწესებულებები?
- რამდენად პასუხობს დაწესებულებათა ინფრასტრუქტურა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მოთხოვნებს, მათი ფიზიკური ადაპტაციისა და განვითარების მხრივ?
- რა დამაბრკოლებელი ფაქტორები მოქმედებს ინფრასტრუქტურის ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელებაზე?
- რა მიდგომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის?
- რამდენად უზრუნველყოფს დაწესებულებები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას?
- რა გამოწვევები შეიძლება წარმოიქმნას ახალი დაწესებულებების მშენებლობის პროცესში, შესაბამისი ტერიტორიის (როგორც ფართის, ასევე ადგილმდებარეობის გათვალისწინებით) გამოყოფის კუთხით და რა მიდგომა შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ?
- რა გავლენას ახდენს დაწესებულებების გარე სივრცეების გამოყენება ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე და როგორ შეიძლება მოგვარდეს დიდ ქალაქებში აღნიშნულ სივრცეებთან დაკავშირებული გამოწვევები?
- როგორ შეიძლება მოგვარდეს მაღალმთიან და სოფლის ტიპის დასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევების საკითხი?
ადამიანური და საგანმანათლებლო რესურსი
- რამდენად უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება/გადამზადების პროცესი?
- რამდენად საკმარისია არსებული აღმზრდელ-პედაგოგთა რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად?
- რა გავლენას ახდენს სკოლამდელი განათლების სერვისების მიწოდებაზე ადამიანური რესურსების რაოდენობა?
- რა განაპირობებს კადრების ნაკლებობას და რა გზებს ხედავთ აღნიშნულის გამოსასწორებლად?
- რამდენად ხელმისაწვდომია დაწესებულებების საგანმანათლებლო პერსონალის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების საფეხურებზე?
- რამდენად ეფექტიანად ხდება დაწესებულებების პერსონალის ინფორმირება და უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიითა და რესურსებით?
- რამდენად შეესაბამება არსებული მეთოდოლოგიური/საგანმანათლებლო რესურსი აღმზრდელ-პედაგოგთა საჭიროებებს და რამდენად ეფექტიანად გამოიყენება ისინი?
- რა გავლენას ახდენს ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა აღმზრდელ-პედაგოგთა მუშაობის ეფექტიანობასა და მათ მოტივაციაზე?
- როგორ შეიძლება შევამციროთ დიდ ქალაქებსა და მცირე დასახლებებს შორის არსებული სხვაობა, აღმზრდელ-პედაგოგთა რაოდენობისა და მათი კვალიფიკაციის კუთხით?
- რამდენად თანაბარია მუნიციპალიტეტების მიხედვით აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურება და რა მიდგომა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ?
- რამდენად ეფექტიანია ბავშვთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის პრაქტიკა და რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით?
ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლება
- რამდენად ეფექტიანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა იდენტიფიცირების მექანიზმები?
- როგორ შეაფასებდით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ მექანიზმებს და რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით?
- სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია მათ მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო რესურსები?
- რა ფაქტორები ახდენს გავლენას სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღებაზე?
- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად?
დაწესებულებების ავტორიზაცია
- რა გამოწვევები დგას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანი უზრუნველყოფის პროცესში?
- რა გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურულ და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფაზე ავტორიზაციის პროცესი?
- რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება დაწესებულებებს ავტორიზაციის პროცესში?
„გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული კვლევა ან სხვა სახის ინფორმაცია, აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. გთხოვთ, გაგვიზიაროთ დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ, ადამიანური რესურსების, ინკლუზიისა და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები“, - მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი.
იხილეთ ასევე:
„მოხდება საბავშვო ბაღებში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების განსაზღვრა“
პარლამენტმა აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა დაიწყო