ხვალ, 1-ელ ივლისს, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, საბავშვო ბაღების იმ აღსაზრდელებისთვის, ვინც სექტემბრიდან უკვე სკოლის კარი უნდა შეაღონ, დიდი გამოსამშვიდობებელი საღამოა დაგეგმილი.
ღონისძიებაზე, რომელიც საღამოს 7 საათზე გაიმართება, ბათუმის მერიას და საბავშვო ბაღების გაერთიანებას ბავშვებისთვის სიურპრიზი აქვს - თითოეულ მათგანს საჩუქრად „პირველკლასელთა აკადემია“ გადაეცემა.
ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან საბავშვო ბაღები. Skolamdelebi.ge ბათუმის ორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელს ესაუბრა.
„ბულვარში, ანბანის კოშკთან, დიდი ღონისძიება გაიმართება. ჩატარდება კონცერტი, რომელსაც ჩვენი აღსაზრდელები დაესწრებიან. ბავშვებისთვის გამოყოფილი იქნება ცალკე სივრცე. ჩვენი პატარები ჩვენივე ხელნაკეთი ქუდებით წარსდგებიან. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება შესანიშნავი და დასამახსოვრებელი საღამო ჩვენი აღსაზრდელებისთვის. როგორც ვიცით, შესანიშნავად ორგანიზებული ღონისძიება და ძალიან ლამაზი გარემო დახვდებათ ბავშვებს.
ყველაზე სასიხარულო ამბავი კი ის არის, რომ მომავალ პირველკლასელებს გადაეცემათ სასკოლო მზაობის შესანიშნავი, ინოვაციური წიგნი, „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით არის გამოცემული. ეს არის შესანიშნავი წიგნი, რომელიც პატარებს გონების გავარჯიშებაში და ბევრი რამის შესწავლაში დაეხმარება. „პირველკლასელთა აკადემიას“ ბათუმის მერია საჩუქრად გადასცემს სკოლამდელი მზაობის ჯგუფის ყველა აღსაზრდელს“, - გვითხრა ბათუმის მე-16 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, მარიკა ბეჟანიძემ.
„ბოლო წლების განმავლობაში, წელს პირველად ჩატარდება გამოსამშვიდობებელი საღამო სკოლამდელებისთვის. ამ დღისთვის, ჩვენი აღსაზრდელებისთვის, დავამზადეთ სხვადასხვა ფერის ქუდები. როგორც ვიცით, ძალიან დიდი და ლამაზი კონცერტი ეწყობა ბათუმის ბულვარში. რამდენი ბავშვიც გვყავს, იმდენი სკამი მიგვაქვს, რომ დავსვათ პატარები. კონცერტი საღამოს იმართება, რომ სიცხემ არ შეაწუხოს ვინმე და ერთი სიტყვით, ყველაფერი მორგებული იქნება სკოლამდელებზე.
ბულვარში კონცერტი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ძალებით ტარდება. როგორც ვიცი, იქნება თოჯინების თეატრი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაზე გაიმართება წიგნის, „პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია და შემდეგ, ეს წიგნი დაურიგდება ყველა აღსაზრდელს, რომელიც საბავშვო ბაღს ემშვიდობება“, - ამბობს მე-3 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, ნანა თედორაძე.
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, „პირველკლასელთა აკადემიის“ სასკოლო მზაობის ჯგუფების ბავშვებისთვის გადაცემას ასე ეხმიანება:
„მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის ბავშვებს საჩუქრად გადმოგცემთ პირველკლასელებისთვის საჭირო, საშინაო მეცადინეობებისთვის შექმნილ წიგნ-რვეულს - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, სასწავლო წლის დაწყებამდე გექნებათ შესაძლებლობა, შემეცნებით-გასართობი სავარჯიშოებით გაიმდიდროთ ცოდნის არეალი“.
იხილეთ ასევე: