საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განათლებისა და თვითგანვითარების მეთოდები
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგი უწყვეტად უნდა იღებდეს პროფესიულ განათლებას და თავადაც უნდა ვითარდებოდეს.
რას გულისხმობს აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება? ამავე სტანდარტში მოცემულია მეთოდები, რომლითაც აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ცდილობდეს პროფესიული განათლების გაძლიერებას და თვითგანვითარებას.
1. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად ეცნობა ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ რესურსებს: სტატიებს, კვლევებს, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, სტანდარტებს, რეგულაციებს, სასწავლო ლიტერატურას და ა.შ.
2. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებში.
3. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში, სემინარებში.
4. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული განვითარების მიზნით თანამშრომლობს კოლეგებთან (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების), ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სფეროს მკვლევარებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან და რეგულარულად უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებსა და ცოდნას.
5. აღმზრდელ-პედაგოგი ეცნობა კოლეგების (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების) პრაქტიკულ საქმიანობას, გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით, მიმართავს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.
6. აღმზრდელ-პედაგოგი მჭიდროდ თანამშრომლობს დამწყებ კოლეგებთან, მოხალისეებსა და პრაქტიკანტებთან, აძლევს მათ პროფესიულ რეკომენდაციებს; ამ თანამშრომლობისას თავადაც იძენს ახალ ცოდნასა და გამოცდილებას და ვითარდება, როგორც პროფესიონალი.
7. თანამშრომლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს, კონფიდენციალურობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვით.
8. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და კოლეგების მიერ მისი საქმიანობის შეფასებას იყენებს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.
9. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად აწარმოებს თვითშეფასებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად; თვითშეფასების შედეგებიდან გამომდინარე, აყალიბებს მიზნებს თვითგანვითარების კუთხით და გეგმავს, თუ რა პერიოდში და რა საშუალებებით შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას.
10.აღმზრდელ-პედაგოგი თვითგანვითარების გეგმიდან გამომდინარე ახორციელებს კონკრეტულ საქმიანობებს პროფესიული განვითარებისათვის (მაგ.: მიმართავს შესაბამის უწყებებს ტრენინგის გასავლელად, ეცნობა ლიტერატურას, თანამშრომლობს კოლეგებთან).
11. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის რეგულაციების, სტანდარტების, პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და დანერგვაში.
იხილეთ ასევე: რა განათლება უნდა გქონდეთ, რომ საბავშვო ბაღში აღმზრდელად დასაქმდეთ