ჯგუფური ოთახები იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს ჰქონდეს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სკოლამდელი განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევში.
დოკუმენტის მიხედვით, ბავშვების პოლისტური განვითარებისთვის, მათ მრავალფეროვან თამაშებში ჩართვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მყუდროდ გრძნობდნენ თავს, შეეძლოთ დასვენება და განმარტოება, აქტიურ და პასიურ აქტივობებში, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა.
არაბუნებრივია, როდესაც ყველა ბავშვი ერთი და იმავე დროს, ერთი და იმავე რაღაცას აკეთებს. შეუძლებელია, ყველა ბავშვს ერთი თამაში სურდეს. უნდა არსებობდეს არჩევანის და სხვადასხვა აქტივობებში მონაცვლეობის შესაძლებლობა როგორც მცირე ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად.
ბავშვები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულებით მცირე ჯგუფურ თამაშებსა და აქტივობებში, რადგან მცირე ჯგუფები ერთად თამაშის, ურთიერთობის და კომუნიკაციის მეტ შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, მცირე ჯგუფური აქტივობები უნდა აღემატებოდეს დიდ ჯგუფურ აქტივობებს.
ჯგუფური ოთახების გარემოს მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნას ჯგუფის სიდიდე და ბავშვების რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს აქტიური - როლური, სენსორული და პასიური - სამაგიდე, მცირე (3–5 ბავშვიანი) და დიდ ჯგუფურ (მთელი ჯგუფი ერთად ან ნახევარი ჯგუფი) აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენების (ძილი, კითხვა, წამოწოლა) და განმარტოების (კუთხე, კარავი) შესაძლებლობა.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების დღის განრიგისა და მენიუს შაბლონები განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა