საბავშვო ბაღის პერსონალი, ვალდებულია, აღსაზრდელების მშობლებთან და მეურვეებთან ურთიერთობის დროს გარკვეული წესები დაიცვას.
საბავშვო ბაღის პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები მუნიციპალიტეტების მიერ ინდივიდუალურად არის ჩამოყალიბებული.
თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი დოკუმენტების მიხედვით, ქცევისა და ეთიკის ნორმებში აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის დეტალები ასეა გაწერილი:
► პერსონალმა უნდა დაამყაროს პოზიტიური, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აღსაზრდელის ოჯახთან და ხელ შეუწყოს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
► პერსონალმა პატივი უნდა სცეს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა.
► პერსონალმა უნდა გაუზიაროს მშობლებს ინფორმაცია როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ.
► პერსონალი უნდა ზრუნავდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე.
► პერსონალმა უნდა აღიაროს მშობლის უნიკალური როლი ბავშვის განვითარებაში, პატივი სცეს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
► პერსონალმა უნდა დაიცვას კონფიდენციალობა აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილოს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია კოლეგებთან ან სხვა პირებთან.
► პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.
► აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, პერსონალი არ უნდა იყოს მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობდეს ოჯახის თითოეულ წევრთან.
► პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ, არ უნდა იღებდეს ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან.
► პერსონალმა არ უნდა მოახვიოს საკუთარი რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს.
იხილეთ ასევე: