რას გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, როგორ შეიძლება მისი დაფუძნება, რა მომსახურების გაწევა ევალება და რა არის მისი სავალდებულო კომპონენტი? - ამ ყველაფრის შესახებ განმარტება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ არის ჩამოყალიბებული.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას.
დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს კერძო სამართლის სამეწარმეო, კომერციული, იურიდიული პირის ან არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია.
გარდამავალ პერიოდში - 2030 წლის 1 იანვრამდე, დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების სახეები
ადრეული აღზრდა და განათლება, დაბადებიდან 2 წლამდე, ადრეული ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურებაა, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს.
სკოლამდელი აღზრდა და განათლება მოიცავს, 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე, ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურებას. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა.
სასკოლო მზაობის პროგრამა სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.
სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის.
იხილეთ ასევე:
5 ქალაქი, სადაც საზაფხულო ბაღები იმუშავებს - თბილისში 3 დღეში 14 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა
სკოლამდელ განათლებაზე პარლამენტში მოკვლევა ჩაატარეს - „წლის ბოლოს მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ“