თბილისის საზაფხულო ბაღებში, 3 დღეში, 14 ათასზე მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა განაცხადა.
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად, 20 ივნისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქში სულ 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რომელიც 17 ათასზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. პროექტის განხორციელებისას დასაქმდება საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი. საზაფხულო ბაღები მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებენ.
საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი დამატებით ანაზღაურებას მიიღებს - გოგი ჩიქოვანი
როგორც გოგი ჩიქოვანი ამბობს, რეგისტრაციის გამოცხადებამდე სააგენტომ გამოკითხვა ჩაატარა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ივლისის თვეში, თბილისის საბავშვო ბაღებში 17 ათასი აღსაზრდელი ივლიდა, თუმცა, თუ ეს რიცხვი გაიზრდება, სისტემა მათ მისაღებადაც მზად არის.
ამჟამინდელი ინფორმაციით, თბილისის გარდა, საზაფხულო ბაღები იმუშავებს ქუთაისში, წყალტუბოში, გორში და რუსთავში.
ქუთაისში მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ორი საზაფხულო ბაღი იმუშავებს - მაისურაძის ქუჩა N7-ში, სადაც N12 საბავშვო ბაღი მდებარეობს და ბუხაიძის ქუჩაზე, მე-2 მიკრო რაიონის N14-ში, N17 საბავშვო ბაღში.
წყალტუბოში 3 ივლისიდან, როგორც საზაფხულო ბაღი, ფუნქციონირებას დაიწყებს ქალაქის N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
გორში საზაფხულო ბაღი, ივლისის მაგივრად, აგვისტოში იმუშავებს - 1 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. რეგისტრაცია კი 10-დან 25 ივლისის ჩათვლით იწარმოებს. საზაფხულო ბაღის ფუნქციას ქალაქის მე-3 საჯარო ბაღი შეასრულებს, რომელიც ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარეობს.
რუსთავში საზაფხულო ბაღები ქალაქის 20-ე, 21-ე და მე-40-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იფუნქციონირებს.
საზაფხულო ბაღი სოციალური პროექტია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხელს არ უშლის სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, თუმცა ამავე დროს, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვი სექტემბრიდან ამავე ბაღში გააგრძელებს სწავლას.
იხილეთ ასევე:
მუნიციპალიტეტში, სადაც საზაფხულო ბაღები არ იქნება, არდადეგები 16 ივლისს იწყება