ორ საბავშვო ბაღში, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ჰასპის პროგრამა დაინერგება - ამის შესახებ ადგილობრივი საკრებულოს დადგებილებაშია აღნიშნული, რომელიც ბიუჯეტს ეხება.
როგორც skolamdelebi.ge-ს ონის მუნიციპალიტეტში უთხრეს, ერთი საბავშვო ბაღი ონში მდებარეობს, მეორე სოფელ გლოლაში, თუმცა ორივეს ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს. ორივე საბავშვო ბაღში სულ 44 ადამიანია დასაქმებული.
ონში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 160 ბავშვის მოთავსებაა შესაძლებელი, გლოლაში კი ამჟამად 7 აღსაზრდელი ჰყავთ, თუმცა 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის 11 ბავშვი ეყოლებათ.
საკრებულოს დადგენილებაში, აღნიშნულია, რომ სოფლებში ბავშვთა კონტიგენტის და მშობელთა მომართვიანობის შესაბამისად, გაიხსნება სასკოლო მზაობის ცენტრები შესაბამისი მომსახურეობით, აღმზრდელები კი ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად გადამზადდებიან და ავტორიზაციისათვის მომზადების პროცედურებს გაივლიან.
„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის (ეზო , შენობა , ინვენტარი და სხვა) განვითარება, ჰასპის პროგრამის დანერგვა. პროგრამის მიზანია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ბავშვის უზრუნველყოფა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესით; სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა შესაბამისი განათლების მიღებისათვის; ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად შესაფერისი გარემოს შექმნა“, - ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ავტორიზაციას ორივე საბავშვო ბაღი ცალ-ცალკე გაივლის, რის შემდეგაც სხვადასხვა დირექტორი ეყოლებათ.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში.
გლოლაში საბავშვო ბაღი 2017 წელს აშენდა, ონში მდებარე ბაგა-ბაღს კი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2022 წელს ჩაუტარდა.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელ განათლებაზე პარლამენტში მოკვლევა ჩაატარეს - „წლის ბოლოს მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ“