იმისათვის, რომ ჩვენ უწყვეტ და ხარისხიან განათლებაზე ვისაუბროთ, ზოგადი განათლებიდან არ უნდა დავიწყოთ საუბარი, ადრეულ და სკოლამდელ განათლებას აქვს თავისი უმნიშნელოვანესი ადგილი ამ უწყვეტ ჯაჭვში, - აღნიშნა ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, რომელსაც კომიტეტის წევრები ერთხმად დაეთანხმნენ.
მოგეხსენებათ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში დაწყებული რეფორმა ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ახლა კი, კანონის შესაბამისად, 2024 წლის 01 იანვრამდე, ამ დაწესებულებებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, თვითშეფასებები უნდა წარადგინონ.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებით დაინტერესდა და ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
„აღარ არის წყვეტა კერძო და საჯარო ბაღებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყევტილებაა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი აღზრდას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება იყოს კერძო სექტორში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება არსად ქრება და აქ არის. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიცოდეთ, მშობელი თუკი ირჩევს, კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რა ხარისხს, რა სტანდარტს ვახვედრებთ იქ. შესაბამისად, ეს კონკურენციის საკითხსაც გაზრდის საჯარო და კერძო ბაღებს შორის... პირდაპირ კი არ ვთხოვთ კერძო ბაღებს რამეს, ვეხმარებით. ვაკეთებთ თვითშეფასებას და ვეუბნებით, რომ არის პლატფორმა, რომლის გამოყენებაც მათთვის შესაძლებელია. გვაქვს მოცემულობა, რომ სამინისტრო თავისი ხარჯებით იყვანს დარგის ექსპერტებს, რომლებსაც შეუძლიათ, შესაბამისი კონსულტაცია გაუწიონ და დაეხმარონ კერძო ბაღებს“, - ამბობს მიქანაძე.
კომიტეტის თავმჯდომარემ აპარატს სთხოვა, 2024 წლის თებერვალში, როდესაც თვითშეფასების ნაწილი იქნება დამთავრებული და საგაზაფხულო სესია გაიხსნება, ერთ-ერთ პირველივე კომიტეტის სხდომაზე მოისმინონ, თუ როგორ ჩაიარა თვითშეფასების პროცესებმა და რა გამოწვევები, რა ხარვეზები წარმოაჩინა.
„ჩაინიშნეთ, რომ 2024 წლის პირველივე სხდომაზე მოვისმინოთ, რამდენად შევძელით დახმარება, რა საკითხებია, რომლებიც დამატებით ძალისხმევას და გადაწყვეტას საჭიროებს, რაიმე ისეთი ხომ არ არის, რომელიც საკანონმდებლო უზრუნველყოფას საჭიროებს დამატებით, რაშიც შეგვიძლია, ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მზად. კარგია, რომ ეს პროცესი დაწყებულია და ათეულობით ბაღმა თვითშეფასება უკვე გაიარა. ძალიან მომწონს, როგორც არის ეს პროცესი დროში გაწერილი და სამინისტრო როგორ თვალშისაცემ დახმარებას უწევს მათ იმისთვის, რომ ხარისხზე და შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული... 2024 წლის თებერვალში გვექნება ამ თვითშეფასებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარება კომიტეტის სხდომაზე, რითაც კომიტეტი თავის მხრივ აფიქსირებს ამ საკითხის მნიშვნელობას და მზაობას, რომ მაქსიმალურად ჩართული იყოს ამ პროცესებში“, - ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე.
იხილეთ ასევე: