გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, კარალეთის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
ადგილობრივი მედიის, „მოზაიკის“ ინფორმაციით, აღნიშნული საბავშვო ბაღი უკვე სამი წელია რემონტდება და სარემონტო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა.
ბაღის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები არასათანადოდ შეასრულა და შენობის რეაბილიტაცია კვლავ გახდა საჭირო. ამ მიზნით, ტენდერი გამოცხადდა 2021 წელსაც, სადაც ასევე შეირჩა შემსრულებელი კომპანია, თუმცა, სამუშაოები, დათქმულ ვადაში, ვერც მან შეასრულა.
აღნიშნული ბაღის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხო და დაზიანებული იყო. სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლის პერიოდში გამოიკვეთა, რომ შენობაში არსებული ინვენტარი ხელს უშლიდა იმჟამინდელ კომპანიას შპს „მეგა დიზაინს“ სამუშაოების ჩატარებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ რამდენჯერმე მოითხოვა პრობლემის მოგვარება, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიამ ვერ უზრუნველყო შენობიდან ინვენტარის გატანა, შედეგად კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა.
საერთო ჯამში, გორის მერიას, კარალეთის საბავშვო ბაღის რემონტისთვის, 164 206 ლარი აქვს დახარჯული.
ახალი ტენდერის პირობების თანახმად, შერჩეულმა კომპანიამ სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელს უნდა შეადგენდეს.
„თუ ხელშეკრულების ერთი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
გორის მერიამ კარალეთში ბაღის რეაბილიტაციის დასასრულებლად ამჯერად 111 305 ლარის გადასახდელად არის მზად.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალები სამ მუნიციპალიტეტში - სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ
„არ დავუშვებთ ბაღებში ძალადობას და პროპაგანდას“ - ირაკლი ღარიბაშვილი