რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომლებმაც კითხვა ჯერ კიდევ არ იციან, კითხვა შევაყვაროთ?
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სპეციალისტების მიერ შედგენილი კურიკულუმის მიხედვით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის უფრო საინტერესო წიგნის სიტყვასიტყვით წაკითხვა კი არა, თეატრალურად გადმოცემული შინაარსის მოსმენა და ილუსტრაციების დათვალიერებაა.
წიგნის ყოველდღიური კითხვისთვის გამოყოფილი დრო დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველებისა და შემეცნების უნარების განვითარებაზე, ხელს უწყობს მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ემოციური კავშირის შენარჩუნებას.
როდესაც ბავშვს წიგნს უკითხავთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
- შეამცირეთ ხმაური გარემოში. შეარჩიეთ მშვიდი და კომფორტული სივრცე წიგნების წასაკითხად. გამორთეთ ტელევიზორი, რადგან ფონური ხმაური ხელს უშლის მოსმენილის გაგებასა და მეტყველების განვითარებას.
- მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, თავად ეჭიროს წიგნი, გადაშალოს, დაათვალიეროს, გადახტეს წინ და უკან. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აუცილებელია შინაარსი თანმიმდევრულად, დასაწყისიდან დასრულებამდე წაიკითხოთ, თუმცა ერთსა და იმავე ფურცელზე, ილუსტრაციაზე მიბრუნება უფრო მეტად უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას. გარდა ამისა, ასე ბავშვი თავის ინტერესს იკმაყოფილებს და კითხვის პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება.
- წაიკითხეთ ხმამაღლა და ცვალეთ ინტონაციები. ამ გზით უფრო მეტად მოახერხებთ ბავშვის ყურადღების მიქცევას და მის დაინტერესებას.
- მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, თავად შეარჩიოს, რისი წაკითხვა სურს. მიჰყევით მის სურვილებსა და მოთხოვნებს. შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ გამომცდელი შეკითხვების დასმა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: „აბა თუ გახსოვს, ვის შეხვდა წითელქუდა გზაზე?“
- გამოიყენეთ ბავშვისთვის გასაგები სიტყვები, ხოლო თუ ცდილობთ, რომ ახალი სიტყვა ასწავლოთ, აუცილებლად აუხსენით შინაარსი და აჩვენეთ შესაბამისი ილუსტრაცია.