დღის თემა
etaloni.ge
რომელი უწყებებისგან მიღებული ცნობის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტოს
19.06.2023

ადრეული და სკოლამდელი განათლება ყველაზე მულტიფუნქციურია, რადგან მისი ხარისხის შექმნაში ყველაზე მეტი მხარეა ჩართული, ვიდრე განათლების სხვა ნებისმიერ საფეხურზე, - ამის შესახებ, ბათუმში გამართულ ადრეული განათლებისა და ზრუნვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინო ხითარიშვილმა განაცხადა.

ნინო ხითარიშვილმა, პრეზენტაციისას, სკოლამდელი და ადრეული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო წარმოადგინა.

აღნიშნული ჩარჩო სკოლამდელი აღზრდის სისტემაში აერთიანებს შემდეგ უწყებებს:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - განსაზღვრავს და ადგენს რეგულაციებს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსთან, კონტენტთან და კურიკულუმთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტრო - ადგენს რეგულაციებს კვებისა და სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო - არეგულირებს კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოებას სახანძრო უსაფრთხოების კონტექსტში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - განსაზღვრავს ძირითად საკითხებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტები - ერთი მხრივ არიან აღნიშნული სერვისის მიმწოდებლები და მეორე მხრივ - ყველაზე დიდი მხარდამჭერები და გულშემატკივრები იმისთვის, რომ მათ მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდეს ხარისხიანი სკოლამდელი და ადრეული განათლება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ყველა მუნიციპალიტეტის მაკოორდინირებელი სისტემა და რგოლი, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ სისტემაში.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის განცხადებით, აღნიშნულ უწყებებს 2016 წლიდან ისედაც ჰქონდათ ეს როლები სკოლამდელი განათლების სისტემაში, თუმცა ავტორიზაციის დროებითი წესში მკაფიოდ არის აღნიშნული თითოეული სტრუქტურული ერთეულის როლი, პასუხისმგებლობა და ბმა ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

ნინო ხითარიშვილმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის ავტორიზაციის შეჩერება პირდაპირ დამოკიდებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვიანობაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააიდენტიფიცირებენ რაიმე ტიპის რისკს. ასეთ დროს, ავტორიზაციის საბჭო, აღნიშნული უწყებებისგან მიღებული ცნობის საფუძველზე, საკითხის განხილვის გარეშე, პირდაპირ იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტულმა ბაღმა დროებით შეწყვიტოს ფუნქციონირება იქამდე, სანამ ეს რისკები არ იქნება აღმოფხვრილი.

იხილეთ ასევე:

ვის ავალია განათლების სამინისტროში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი - „აქვს ტრენინგების დაგეგმვის და ჩატარების დიდი გამოცდილება“

სკოლამდელი განათლების ექსპერტობის 460 მსურველიდან მხოლოდ 53 შეირჩა - რა ეტაპებია გასავლელი 150 კადრის შესარჩევად

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი