ფრჩხილების კვნეტა ერთ-ერთი მავნე ჩვევაა, რომელიც ბავშვებს ახასიათებთ. ზოგი მათგანისთვის კი ამის დავიწყება და უგულვებელყოფა მოზრდილ ასაკშიც რთულია.
გთავაზობთ მეთოდებს, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენმა შვილმა თავი დააღწიოს ამ მავნე ჩვევას და თან მშობლის მადლიერიც დარჩეს.
არსებობს მწარე გემოს ლაქი. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ბავშვს მწარე ლაქი არ უნდა წაუსვათ. სავარაუდოდ, ეს არ იმუშავებს. ცუდი გემო მაშინვე აფხიზლებს და ფრჩხილების კვნეტას აწყვეტინებს ბავშვს, თუმცა ამას თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი დასჯად ჩათვლის, მიუხედავად თქვენი კეთილი განზრახვისა.
მაქსიმალურად ეცადეთ, როცა ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, არ დაუყვიროთ და არ მიუთითოთ. თუ ბავშვს გაუბრაზდებით ფრჩხილების კვნეტის გამო, ის თავს დამნაშავედ იგრძნობს და უფრო იღელვებს. ან მიხვდება, რომ ამ ქცევით შეუძლია თქვენი ყურადღების მიპყრობა და უფრო ხშირად გამოიყენებს. ამიტომ, სცადეთ არ მიაქციოთ ზედმეტი ყურადღება იმ ფაქტს, რომ ის ფრჩხილებს იკვნეტს.
ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. შეიძლება, ხელში რამეც დააჭერინოთ. მაგალითად, კალამი ან სხვა სათამაშო. პლასტელინი, „ტყლარწი“ ან მსგავსი საგნები დააჭერინეთ ხელში, როცა ტელევიზორს უყურებს.
ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ ასევე მისი საყვარელი საკვები - სასუსნავი, ხილი... დაიწყეთ მასთან ერთად ის თამაში, რომელიც მას უყვარს.
ბავშვს შეიძლება მეტად გაუჩნდეს ფრჩხილების კვნეტის სურვილი, თუ გრძელი ან ბასრკიდეებიანი ფრჩხილები აქვს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რომ დროულად მოაჭრათ და კუთხეები გაუქლიბოთ.
აჩვენეთ ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება მოჭმული ფრჩხილები და როგორ ცუდ განწყობას ტოვებს მის თანატოლებში.
კარგი საშუალებაა რაიმეს შეჰპირდეთ, რასაც აუცილებლად შეუსრულებთ, თუ ამ მავნე ჩვევას დაამარცხებს. დაიმახსოვრეთ, რომ დაპირებული აუცილებლად უნდა აუსრულოთ და პირობის შეუსრულებლობა მისთვის ახალი სტრესის საბაბი არ უნდა გახდეს. შეგიძლიათ ჩართოთ სტიკერების სისტემაც. მაგალითად, მიეცით სტიკერი, თუ ნახევარი დღე შეძლო ამ ჩვევის გარეშე ყოფნა, კვირის ბოლოს კი დაგროვებული სტიკერები შეუძლია გადაცვალოს ახალ წიგნში, პარკში გასეირნებასა თუ სხვა გასართობში.
თუ ბავშვი განიცდის, რომ ვერ ივიწყებს ამ ჩვევას, ჰკითხეთ, ხომ არ სურს ფერადი მარკერების ან პლასტირების დაკვრა თითებზე, რათა მათი დანახვისას გაჩერდეს, როცა ფრჩხილების კვნეტას დააპირებს. თუ ამის სურვილი არ ექნება, არ დააძალოთ.
პედიატრებისა და ფსიქოლოგების ინფორმაციით, ფრჩხილების კვნეტა, უმრავლეს შემთხვევაში ნერვიულობის ნიშანია. როგორც წესი, ფრჩხილებს იკვნეტენ ის ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი აღიზიანებთ. მაგალითად, როდესაც საშიშ ამბებს ისმენენ თუ უყურებენ, ფილმს უყურებენ, თუმცა ეს ჩვევა მხიარული ბავშვებისთვისაც არის დამახასიათებელი. ყველა ბავშვი განსხვავებულია. ამიტომ სცადეთ სხვადასხვა გზები, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი პატარა ამას დახმარებად აღიქვამს და არა დასჯად.
იხილეთ ასევე:
თემურ მიქელაძის პრაქტიკული რჩევები ბავშვთა სწორი კვების შესახებ
სიტყვებით თამაში, სადაც მონაწილეობა მთელ ოჯახს შეგიძლიათ