დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა უნდა იცოდეს ტერმინოლოგია - პროფესიული სტანდარტის ახალი დოკუმენტი
16.06.2023

აღმზრდელს გავლილი უნდა ჰქონდეს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით, ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 15 ივნისს დამტკიცებულ საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიულ სტანდარტში.

აღნიშნული სტანდარტი, რომელიც ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ამ სახით იმოქმედებს, ეხება მუნიციპალიტეტში მდებარე როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალს.

დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელებისთვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.

დადგენილებაში გაწერილია სტრატეგიულ, საგანმანათლებლო პროცესის, ფინანსებისა და მატერიალური რესურსების, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები და ასევე -  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი, ინკლუზიის მხარდამჭერი, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის, ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები.

დაწესებულების  პერსონალის შემადგენლობა

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) სტრატეგიულ მართვაზე;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;

გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;

დ) ადამიანური რესურსების მართვაზე.

2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი;

ბ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

4. ტექნიკური პერსონალი:

ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი;

ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ე) სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ვ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ზ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.

დოკუმენტში ერთი თავი პერსონალის ღირებულებებსა და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვას ეხება.

პერსონალის ღირებულებები

1 . პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ.

2 . პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას.

3 . პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის.

4 . პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

5 . პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

6 . პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული.

7 . პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია.

8 . პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა.

საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტების მიხედვით, აღმზრდელს უნდა ჰქონდეს:

აკადემიური უმაღლესი განათლება; გავლილი უნდა ჰქონდეს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;

საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს კი უნდა ჰქონდეს:

დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება; გავლილი უნდა ჰქონდეს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.

საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ადრეული განათლების პრინციპები;  ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; ინკლუზიური განათლების პრინციპები; პოზიტიური გაძღოლის პრინციპები; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები; საგნობრივი დისციპლინები; ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი; ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები; დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება; განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია; გუნდური მუშაობის პრინციპები;

საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:

ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა; გუნდში მუშაობა; ბავშვზე დაკვირვება და შეფასება; საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში; ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში; საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.

მთლიანი დოკუმენტის ნახვა შეგიძლიათ იხილოთ აქ მითითებულ ბმულზე: პერსონალის პროფესიული სტანდარტები.

იხილეთ ასევე:

19 ტერმინი და მათი განმარტება საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული სტანდარტიდან

ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი