გრძელდება ახალი, თანამედროვე ბაღების მშენებლობა, - ამის შესახებ 14 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, სექტემბერში თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, საერთო ჯამში კი, ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია აღნიშნული პროგრამის გაგრძელება - ახალი საბავშვო ბაღები, იცით, თუ რა სტანდატებზეა საუბარი, როგორი მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია გაგრძელდება, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ სწავლისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. ამიტომ, ახალი ბაღების მშენებლობა გაგრძელდება და ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება ხელშეწყობა და თანადგომა“, - ამბობს დედაქალაქის მერი.
ამავე სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, რეგისტრაციის პროცესში, 2023-2024 სააღმზრდელო წელს, კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება - მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან მათაც სჭირდებათ მხარდაჭერა.
აღნიშნული ცვლილების გამო, დედაქალაქის მუნიციპალურ ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცის ვადების გამოცხადება გადაიდო, რადგან ეს ცვლილებები საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
იხილეთ ასევე:
თბილისის ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის წესები შეიცვალა და ვადები ისევ უცნობია