დღის თემა
etaloni.ge
თბილისში 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს - დეტალები
14.06.2023

თბილისის მასშტაბით, ზაფხულის განმავლობაში, მუნიციპალური, ე.წ. საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს.

„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში, იმ დროისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ მუშაობდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბაღები იფუნქციონირებს. გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში შვებულების აღებას და ქალაქიდან გასვლას. მათ მუშაობა უწევთ. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ივლისში, მუნიციპალური ბაღების 17 000-მდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით, ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი“, - თქვა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება ვებგვერდზე -  www.kids.org.ge.

რას ნიშნავს საზაფხულო ბაღი?

საზაფხულო ბაღი არის სოციალური პროექტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი მოქმედებს ივლისის თვის განმავლობაში, ის არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა.

ხომ არ შეუშლის ხელს საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას?

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხელს არ უშლის სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, თუმცა ამავე დროს, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვი სექტემბრიდან ამავე ბაღში გააგრძელებს სწავლას.

დედაქალაქის მასშტაბით სულ 45 საბავშვო ბაღი იმუშავებს და ამ მომსახურების მიღება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია.

ბაგა-ბაღებში სტანდარტულისგან განსხვავებული პროგრამა მოქმედებს, რომელიც ძირითადად, გასართობი აქტივობებითაა დატვირთული.

საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტია და მისი მიზანია, საბავშვო ბაღების მომსახურება შესთავაზოს იმ ოჯახებს, ვინც ივლისში ვერ ახერხებს ბავშვების ქალაქიდან გაყვანას.

საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.

იხილეთ ასევე:

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს

„ბაღის აღმზრდელები ისე უნდა გავწვრთნათ, ეს გამოცდილება არ იყოს სტრესული - ჩვენი განათლების სისტემას და ადრეულ განათლებასაც, ფოკუსი სხვაგან აქვს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი