დღის თემა
etaloni.ge
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალები ხვალ გახდება ცნობილი?
13.06.2023

თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, ტრადიციულად, ყოველი წლის ივნისში ხდებოდა, რეგისტრაციის ზუსტი თარიღი კი ორი-სამი კვირით ადრე, მაისში ცხადდებოდა და წლებია, ეს ტრადიცია ამ დრომდე არ დარღვეულა.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაცია შეიცვალა და ამ სახით ჩამოყალიბდა:

„თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, 2023 წელს ივლისში გაიმართება. რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ცხადდება ორი-სამი კვირით ადრე. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge“.

რატომ დაგვიანდა თბილისის 187 საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი, ამ კითხვაზე სააგენტოში გვპასუხობენ, რომ მიზეზი არ იციან და ისინიც დედაქალაქის მერის განცხადებას ელოდებიან.

კულუარებში კი საუბრობენ, რომ ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის თარიღის გადაწევა სააგენტოს ხელმძღვანელის ცვლილებას უკავშირდება, რადგან ახალმა დირექტორმა, გიგო ჩიქოვანმა ამ პროცესისთვის ჯერ ვერ მოიცალა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს - კახაბერ გვანცელაძე გოგი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა

მეორე ვერსიით, ბაღებში ბავშვების ჩარიცხვა სასკოლო ასაკის გადაწევას უკავშირდება. 2023-2024 სასწავლო წელს სკოლებში ისინი შევლენ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, თუმცა მშობელს უფლება აქვს, 5 წლის ბავშვი სკოლაში არ მიიყვანოს და ისევ ბაღში დატოვოს. ამ ვერსიის მიხედვით, დედაქალაქის მერია სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციას ელოდებოდა, რათა დაახლოებით სცოდნოდათ, რამდენი ბავშვი დარჩებოდა სკოლამდელი აღზრდის სისტემაში.

„მშობლებს დავაკვალიანებთ, არის თუ არა მათი 5 წლის შვილი სკოლისთვის მზად“ - განათლების მინისტრის მოადგილე

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები თბილისის მთავრობის სხდომაზე უნდა გამოაცხადოს. ამავე სხდომაზე გახდება ცნობილი საზაფხულო ბაღების შესახებაც.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და უამრავი მშობელი, დედაქალაქის მერისგან, ამ საკითხის გაჟღერებას ჯერ კიდევ გასულ კვირას ელოდებოდა. როგორც ცნობილია, მერიაში მთავრობის სხდომა ყოველ კვირას, ოთხშაბათ დღეს, იმართება. ხვალ ოთხშაბათია...

იხილეთ ასევე:

რა ევალებათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სააგენტოებს - საბავშო ბაღებში უნდა მოიზიდოს კვალიფიციური კადრები

ვის ევალება სკოლამდელი დაწესებულებების კადრების მართვა და აღსაზრდელთა რეგისტრაცია თბილისში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი