დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში დაუშვებელია იხვისა და ბატის კვერცხის გამოყენება - რეგლამენტის დეტალები
12.06.2023

ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ, - ადგენს ზოგად მოთხოვნებს კვების უზრუნველყოფისადმი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და ტიპისა.

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, კვების ორგანიზების წესებისა და პრინციპების, აგრეთვე რაციონის კვებითი ღირებულების დადგენა  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, კვებითი დეფიციტის, სიმსუქნის და კვებასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების პრევენციის მიზნით.

აღნიშნული რეგლამენტის ერთი მუხლი განსაზღვრავს, რა არ არის რეკომენდებული აღსაზრდელებისთვის და რა არ უნდა მოხვდეს საბავშვო ბაღის სამზარეულოში:

  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში არ არის რეკომენდებული მარილის, შაქრისა და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მზა სურსათის რეგულარული გამოყენება.
  2. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმებს.
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული მოზრდილთათვის განკუთვნილი სპეციალური და დიეტური პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, ქოლესტეროლის დამწევი ან უჯრედისის მაღალი შემცველობის სურსათი და სხვა.
  4. არაინფექციური (მოწამვლები) და ინფექციური დაავადებების წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია:

ა) გამოუშიგნავი ფრინველის, გარეული ფრინველის ხორცის გამოყენება;

ბ) დაბინძურებული ნაჭუჭისა და ბზარის მქონე კვერცხის გამოყენება;

გ) იხვისა და ბატის კვერცხის გამოყენება;

დ) დაზიანებული ჰერმეტულობის, დეფორმირებული, სასაქონლო იერსახე დაკარგული, დაჟანგული, „ამობერილი“, უეტიკეტო ბავშვთა კონსერვების გამოყენება;

ე) ბეღელის მავნებლებით დასნებოვნებული ბურღულეულის, ფქვილის, გამხმარი ჩირისა და სხვა პროდუქტების გამოყენება;

ვ) ლპობის ან ობის ნიშნის მქონე ბოსტნეულისა და ხილის გამოყენება;

ზ) ნებისმიერი სახის კულტივირებული, თუ არაკულტივირებული სოკოს გამოყენება;

თ) ორგანოლეპტიკურად არაკეთილსაიმედო ნიშნის მქონე პროდუქციის გამოყენება;

ი) საოჯახო პირობებში მომზადებული სურსათის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული ბავშვის მშობლის/მეურვის მიერ ხდება ამა, თუ იმ კერძის მიწოდება და განკუთვნილია მხოლოდ ამ ბავშვის მიერ მოსახმარად).

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღში პატარებმა 6-ჯერ უნდა ჭამონ - რა უნდა გაითვალისწინონ აღმზრდელებმა

10 დადებითი მხარე, რაც საბავშვო ბაღში ჩატარებულ გემრიელ აქტივობას მოაქვს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი