დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელი ამ დროს უნდა დაეხმაროს ბავშვებს პრობლემის გადაჭრაში, ხელი შეუწყოს სწავლისა და უნარ-ჩვევების განვითარების პროცესს - კვლევა და აღმოჩენა
09.06.2023

საბავშვო ბაღებში ყოველდღიური საქმიანობა და პროცესია „კვლევა და აღმოჩენა“.

კვლევა და აღმოჩენა - ეს დრო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში იკვეთება ყველაზე ნათლად პროგრამა „თამაშის“ არსი, - წერია აღმზრდელის სახელმძღვანელოში, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფში ეს დრო.

ნახევარდღიან პროგრამაში კვლევისა და აღმოჩენების დრო უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში, სრულდღიან პროგრამებში კი მას უფრო მეტი დრო (ან ორი სესია) უნდა დაეთმოს.

კვლევისა და აღმოჩენების დროს სხვადასხვა ცენტრში ერთდროულად მიმდინარეობს შემდეგი საქმიანობები:

► ბავშვები თამაშობენ და მუშაობენ მასალით, რომელიც თავად შეარჩიეს; ერთვებიან მათ მიერ არჩეულ წესებიან თამაშებში ან აქტივობებში სასურველი ტემპით;

► ბავშვები მუშაობენ თემასთან დაკავშირებულ პროექტზე;

► ბავშვები ჩართულნი არიან თემასთან დაკავშირებულ აქტივობაში, რომელიც აღმზრდელის მიერაა დაგეგმილი;

► ბავშვები მონაწილეობენ თემასთან დაკავშირებულ როლურ თამაშში.

კვლევისა და აღმოჩენების დროს ჯგუფის ყველა რესურსი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბავშვებისათვის.

მას შემდეგ, რაც ბავშვები მასალებით სარგებლობას დაასრულებენ, მათ უნდა დააბრუნონ სათამაშოები და მასალები სათანადო ადგილზე. ახალ აქტივობაზე გადასვლამდე ბავშვებმა უნდა დაალაგეონ და დაასუფთავონ ტერიტორიას, სადაც თამაშობდნენ ან მუშაობდნენ. 

აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემ წინასწარ უნდა დაგეგმონ „დავალებები“. როგორც წესი, ერთ-ერთმა უნდა იმუშაოს პროექტზე მომუშავე ბავშვებთან, მეორემ კი ოთახში მიდი-მოდიოდეს და უზრუნველყოფდეს ყველა ბავშვის ჩართულობას შინაარსიან საქმიანობაში, საჭიროების შემთხვევაში კი დაეხმაროს ბავშვებს პრობლემის გადაჭრაში და ხელი შეუწყოს სწავლისა და უნარ-ჩვევების განვითარების პროცესს. დაგეგმილი საქმიანობის საწყის ეტაპზე ხშირად აუცილებელია, რომ აღმზრდელმა განუმარტოს ბავშვებს შესასრულებელი სამუშაოს არსი. 

კვლევისა და აღმოჩენების პერიოდის დამახასიათებელი ნიშნები:

► „საქმიანი“ ხმაური, რომელიც არ არის მეტისმეტად ძლიერი;

► მოძრაობა და აქტიურობა, რომელიც არ არის ქაოტური;

► თანამშრომლობა კონფლიქტის გარეშე;

► ბავშვები, რომლებიც ჩართულნი არიან საქმიანობაში საკმაო დროის განმავლობაში, სანამ სხვა საქმიანობაზე გადავლენ;

► აღმზრდელები, რომლებიც აკვირდებიან და ურთიერთობენ ბავშვებთან, წაახალისებენ (მაგრამ არ აკონტროლებენ) მათ მოქმედებებს.

კვლევისა და აღმოჩენების დროს გარეშე დამკვირვებელს შეუძლია ნათლად დაინახოს და შეიგრძნოს აღმზრდელებისა და ბავშვების მოქმედებების მიზნობრივი და ნებაყოფლობითი ხასიათი.

იხილეთ ასევე:

„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?

ბაღს უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია - მეორე სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი