სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისა და მათი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ექსპერტთა კორპუსის შექმნა მიმდინარეობს.
ექსპერტთა კორპუსი უნდა შედგეს ხარისხის უზრუნველყოფის, კურიკულუმის, კვების დარგში და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ექსპერტებისგან. ამ ექსპერტებს უნდა გააჩნდეთ სათანადო კომპეტენცია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესით დადგენილი ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასებისთვის.
როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ხითარიშვილი, ამბობს, ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტობა 460-ზე მეტი მოქალაქეს სურდა, თუმცა მათგან მხოლოდ 53 შეარჩიეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თვითშეფასებისა და ავტორიზაციის პროცესისთვის კი სულ 150 ექსპერტის შერჩევაა დაგეგმილი.
„ამ პოზიციისთვის აპლიკანტს უნდა ჰქონოდა უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით და ან ხარისხის პროცესებში უნდა ყოფილიყო ჩართული - ან სკოლის, ან კოლეჯის, ან უმაღლესი განათლების მიმართულებით უნდა სცოდნოდა ხარისხის სისტემა, ან უნდა ჰქონოდა ბაღის შიდა სტრუქტურული ცოდნა. ანუ, ან უნდა იცოდეს ბაღი ან უნდა იცოდეს ხარისხი. რატომ დავყავით ასე? იმიტომ, რომ მეორე მხარეს ჩვენ შევავსებთ - ეს სწავლებადია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. ჩვენ რომ მოგვეთხოვა, თავიდანვე ორივე მიმართულება სცოდნოდათ, ასეთს ვერ ვიპოვიდით საქართველოში, რადგან ახლა იწყება ხარისხის უზრუნველყოფა ბაღებში და ასეთი სპეციალისტები ახლა მზადდებიან.
ერთი კონკურსი უკვე იყო. 460-ზე მეტი აპლიკანტის მოთხოვნა შემოვიდა და მხოლოდ 53 შეირჩა. კონკურსი იყო საკმაოდ მაღალი. ეტაპები არის ასეთი: თავდაპირველად ხდება დოკუმენტაციის გადარჩევა, სიების გადარჩევა, შემდგომ ხდება ტესტირება კანონმდებლობაში, რის შემდეგ ჩვენ ვუტარებთ სასწავლო კურსს - ერთი კვირა ვასწავლით სტანდარტებს, ხარისხის სისტემას. ვასწავლით იმას, რითიც მერე თვითონ უნდა შეამოწმონ, დაეხმარონ ბაღებს. ამ კურსის შემდგომ არის გასაუბრება, სადაც ქეისებს განვიხილავთ. ანუ ვაძლევთ სიტუაციურ ამოცანას - თქვენ მიხვედით ბაღში, დაგხვდათ ეს მოცემულობა, ეს დოკუმენტაცია და როგორც მხარდამჭერი ექსპერტი რას იზამდით, როგორ შეაფასებდით... ეს არის არა თეორიული გასაუბრება, არამედ ფაქტობრივად ქეისზე დაფუძნებული გასაუბრება, რითიც ძალიან კარგად ვხვდებოდით მათ უნარებს - რამდენად შეძლეს და აუღეს ალღო იმ საკითხებს, რომლებშიც გვინდა, რომ დაგვეხმარონ“, - თქვა ნინო ხითარიშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.
ერთ სპეციალისტს თვის განმავლობაში 16 ბაღთან მოუწევს ურთიერთობა. თვითშეფასების პროცესში, სპეციალისტი რამდენჯერმე მიდის თითოეულ სოფელში, თითოეულ ბაღში, თავადაც იღებს ყველა ფოტოს და სხვა სახის დოკუმენტაციას, რომელსაც ტვირთავს სპეციალურ პლატფორმაზე.
„ბაღი თავადაც ტვირთავს მტკიცებულებებს პლატფორმაზე და ჩვენს სპეციალისტებსაც მიცემული აქვთ სია, რა სახის დოკუმენტაცია უნდა მოაგროვონ. ეს ძირითადად მატერიალურ რესურსს ეხება და მათი მხრიდან, ბაღისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, სხვა ბმულსა და სხვა სისტემაში იტვირთება. ასე მთლიანი ინფორმაცია გვიგროვდება თითოეული ბაღის შესახებ“, - ამბობს ნინო ხითარიშვილი.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი განათლების ექსპერტების ხელფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება