დღის თემა
etaloni.ge
როგორ შეირჩა 7 საბავშვო ბაღი თვითშეფასების პლატფორმის პილოტირებისთვის - „ახალი პროგრამა ძირფესვიანად გაიტესტა“
07.06.2023

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის აუცილებელ კომპონენტის, თვითშეფასების პროცესისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა მოამზადა. პლატფორმამ პილოტირება 7 საბავშვო ბაღში უკვე გაიარა.

რა პრინციპით მოხდა პლატფორმის შემუშავება და როგორ შეირჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პილოტირებისთვის, ამის შესახებ პარლამენტში გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა ისაუბრა.

ვის ავალია განათლების სამინისტროში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი - „აქვს ტრენინგების დაგეგმვის და ჩატარების დიდი გამოცდილება“

როგორც ხითარიშვილი ამბობს, პილოტირება ხარიხის განვითარების ცენტრის ჯგუფმა ყველა ტიპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განახორციელა.

„შერჩეულ იქნა 7 ბაღი. აღნიშნული 7 ბაღის შერჩევა, თავის მხრივ, დაეფუძნა პილოტირების კონცეფციას, ანუ პირველად მომზადდა კონცეფცია, თუ როგორ შეირჩეოდნენ ეს ბაღები და შემდგომ მოხდა მათი შერჩევა. ძირითადი საკითხი, რომლითაც ჩვენ ამოვედით პილოტირების კონცეფციიდან, გახლავთ შემდეგი - უნდა მოგვეცვა ყველა ტიპის და ყველა კატეგორიის ბაღი, რომელიც სისტემაში გვაქვს. აქედან გამომდინარე, პილოტირება გაიარა თბილისის კერძო ბაღმა, თბილისის საჯარო ბაღმა, ინდმეწარმე ბაღმა, რეგიონში - დაბის ბაღმა, მაღალმთიანი რეგიონის ბაღმა, გაიარა სკოლამ, რომელსაც აქვს პრესქულის შესაბამისი პროგრამა და ბაღმა, რომელიც ეთნიკურ რეგიონშია და, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქვს პროგრამები“, - თქვა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა.

პილოტირება განხორციელდა დაბა მანგლისის ბაღში, ბაკურიანის ბაღში, მარნეულის მეოთხე ბაღში, თბილისის 93-ე ბაღში, კერძო ბაღ „ცეროდენაში“, სკოლა „ლოგოსში“ და ინდმეწარმე ბაღ „კოკროჭინაში“.

ნინო ხითარიშვილის ინფორმაციით, პლატფორმა ძირფესვიანად გაიტესტა, რათა 2027 ბაღის მონაცემების მოგროვება ამ პლატფორმაზე სანდო იყოს.

„პილოტირების თითოეულ ეტაპზე ამოსული კითხვები, საკითხები, პრობლემები და ხარვეზები გროვდებოდა, პლატფორმის დეველოპერს ეგზავნებოდა და სანამ ეს საკითხები არ ამოიწურებოდა, იქამდე მეორე ბაღში არ ვიწყებდით პილოტირებას. ეს იმიტომ, რომ თანმიმდევრულად გატესტილიყო პლატფორმა ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე. აქედან გამომდინარე, 7 ბაღში ისე დაპილოტირდა პროგრამა და ისე აღმოიფხვრა ხარვეზები, რომ როდესაც თვითშეფასების პროცესი დაიწყო, ჩვენ იქ გვქონდა მინიმალური დონის გამოწვევები“, - ამბობს ხითარიშვილი.

იხილეთ ასევე:

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა - პირველი სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი