ექიმმა, გადაცემა „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეეთერში ბავშვთა კვებაზე ისაუბრა და ის სუპერ პროდუქტები დაასახელა, რომელიც პატარების ორგანიზმს განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება.
როგორც ღოღობერიძე ამბობს, ბავშვისა და ზრდასრულის ადამიანის სხეული ერთმანეთისგან განსხვავდება და აუცილებელია, მოზარდმა ყველა ვიტამინი თუ ამინომჟავა თავის დროზე და საკმარისი რაოდენობით მიიღოს.
„საკმარისია, ბავშვმა არ მიიღოს ყველა ელემენტი, ყველა ვიტამინი, ყველა ამინომჟავა დროულად ან საკმარისი რაოდენობით და მისი განვითარება ფერხდება არამარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, გონებრივი რესურსიც იზღუდება. მე რომ ვიყო მშობელი, დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს. რატომ მაინცდამაინც ამ ორ საკვებს? ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს - კვერცხში ყველაფერია, რაც სჭირდება ბავშვის სხეულს განვითარებისთვის“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე და თითოეული, ბავშვისთვის აუცილებელი საკვების მნიშვნელობას ასე ხსნის:
კვერცხი
მაგალითად, ავიღოთ კვერცხის ცილა. მასში ბევრი ცილაა და ამ ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა იდეალური საკვებია ბავშვისთვის, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, ყვითრიც. ყვითრში ძალიან დიდი რაოდენობით არის B ვიტამინი. მათ შორის, ვიტამინი B12, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება და ასევე ნივთიერება ქოლინი. რაში სჭირდება ბავშვის სხეულს მაგალითად, ქოლინი? იმისთვის, რომ წარმოქმნას აცეტინ-ქოლინი. ეს არის თავის ტვინის ნეირომედიატორი, რისი საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამიტომ, კვერცხი იდეალური საკვებია.
იოგურტი
იოგურტში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები. ეს იმისთვის, რომ კბილები ჩამოყალიბდეს და ასევე - ძვლები. როგორ გინდა ჩამოყალიბდეს კბილები და ძვლები, თუ არ მიეცი კალციუმის და ფოსფატების წყარო? ამიტომ, ამ კუთხით, იოგურტი კარგი გამოსავალი იქნებოდა. იოგურტს ბონუსიც აქვს. მასში საკმარისი რაოდენობითაა პრობიოტიკები. ეს პრობიოტიკები ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასახლებს. ბავშვს მსხვილ ნაწლავში სწორი ბაქტერიოფლორა იმისთვის სჭირდება, რომ იმუნური სისტემა სწორად იყოს განვითარებული. როგორ ფიქრობთ, ბავშვის იმუნურ სისტემაში ეს უჯრედები სად გადიან წვრთნას, ცალკე ბაზა აქვთ დაქირავებული? არა. ისინი იწვრთნებიან და სწავლობენ ბრძოლას სწორედ მსხვილ ნაწლავში. ამიტომაც, კვერცხი და იოგურტი დილის საათებში იდეალური საკვები იქნებოდა.
სტაფილო
ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სტაფილოში არის A ვიტამინი, რომელიც ეხმარება შენს თვალს, კერძოდ ბადურას, რომ კარგად დაინახო ყველაფერიო. ეს მართალია! ბავშვი მთელი დღე კითხულობს და ამიტომ მის თვალებს სჭირდება სწორად ჩამოყალიბებული ბადურა. ამ კუთხით, სტაფილოს A ვიტამინი კარგი გამოსავალი იქნებოდა. სტაფილოში არსებული A ვიტამინი მხოლოდ მხედველობას არ ეხმარება, კანსაც ეხმარება. ბავშვებში კანი საკმაოდ პრობლემური ორგანოა. საკმარისია, კანზე იყოს რაღაც გამონაყარი, ბავშვი ავტომატურად იკეტება, იზღუდება. სოციალური აქტივობა უმცირდება. ამიტომ, სტაფილო კარგი გამოსავალი იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც.
ბანანი
სტაფილოს გარდა, ბანანიც გვჭირდება. წარმოიდგინეთ, ქიმიის გაკვეთილზე ხსნი ამოცანას, მათემატიკის გაკვეთილზე ხსნი რაღაც ამოცანას... გეხარჯება ნახშირწყლები. როგორ უნდა მიიღო? როგორ და ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია. ბანანში ასევე კალიუმიც არის, გარდა ამისა, მასში ძალიან ბევრი B ვიტამინიცაა, მათ შორის, B6, B1, B12. ამიტომ, ბანანი სჭირდება ბავშვს. გარდა ამისა, ბანანში დიდი რაოდენობით არის სეროტონინი, რაც ეხმარება ბავშვს, რომ გუნება-განწყობა შეინარჩუნოს მაღალ ტონუსში.
ავოკადო
ავოკადოში ამინომჟავები ძალიან ბევრია. ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია. ამიტომ, ავოკადოს, სტაფილოს და ბანანს დავაბლენდერებდი და ასე მივცემდი ბავშვს დილით.
ხორცი
ბავშვს ასევე უნდა მივცეთ ისეთი საკვები, რაც რკინას შეიცავს. მე რომ პატარა ვიყავი, მეუბნებოდნენ, თუ გინდა, რკინა გქონდეს სხეულში და ჰემოგლობინი წარმოიქმნას, ყურძნის წვენი დალიეო. სისულელეა. ყურძნის წვენში იმ რაოდენობით რკინა არ არის, რომ ბავშვის სხეულმა ჰემოგლობინის რაოდენობა ასწიოს. რა უნდა ნახოთ, სადაც იქნება რკინა ადვილად ასათვისებელი? წითელი ხორცი. წითელ ხორცში არის ცილა. მას ჰქვია მიოგლობინი. სწორედ ის შეიცავს იმ რკინას, რასაც ბავშვი ადვილად ითვისებს. ამიტომ, ხორცის მიცემა იდეალური გამოსავალი იქნებოდა. მესმის, ხორცზე ხელი ყველას არ მიუწვდება, საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომ, შეგიძლიათ, ხორცი მისცეთ პერიოდულად და ხანდახან მის მაგივრად გამოიყენოთ მარცვლეული. მარცვლეული დღეს მდიდრდება რკინით და მარცვლეულის მიცემაც იდეალური გამოსავალია. ქათმის ხორცშიც არის საკმარისი რაოდენობით რკინა და მასში ასევე არის დიდი რაოდენობით და ვიტამინი B6. რად გინდა ვიტამინი B6? იმიტომ, რომ, რომ შეჭამ ნახშირწყლებს, ცხიმებს, მათგან ენერგია ამოიღო. სწორედ ამაში გეხმარება ვიტამინი B6.
წითელი კარტოფილი
საღამოს საათებში ბავშვს შეიძლება მისცეთ წითელი კარტოფილი. წითელი კარტოფილი არ არის ჩვეულებრივი კარტოფილი გაჯერებული სახამებლით. მასში ძალიან ბევრი ბოჭკოა, რაც ეხმარება მსხვილ ნაწლავს სწორ პერესტალტიკაში. გარდა ამისა, იმავე კარტოფილში დიდი რაოდენობით არის კალიუმი. კალიუმი სჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს.