განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი დაამტკიცა.
აღნიშნული წესი ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წარმოდგენის ფორმას და განხორციელების წესს.
თვითშეფასების მიზნები და სახეები
1. დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია:
ა) დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სტანდარტებთან (შემდგომ - ავტორიზაციის სტანდარტები);
ბ) დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით;
გ) დაწესებულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი ეროვნულ დონეზე;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება.
თვითშეფასების განხორციელების წესი
1. თვითშეფასება ხორციელდება ყოველწლიურად, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. თუ დაწესებულება საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა მისამართზე, თვითშეფასება წარმოდგენილი უნდა იქნას თითოეული მისამართის მიხედვით ცალ-ცალკე.
3. ავტორიზებული დაწესებულება თვითშეფასებას ახორციელებს წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს იმავე წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში.
4. დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ავტორიზაციის განაცხადი ჩაითვლება შესაბამისი წლის ყოველწლიურ თვითშეფასებად იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე 180 კალენდარული დღე ან ნაკლები პერიოდია დარჩენილი.
5. ცენტრი ხელმძღვანელობს დაწესებულების მიერ ბოლო დადასტურებული თვითშეფასებით.
თვითშეფასების განხორციელების ფორმა და მონაწილე მხარეები
1. თვითშეფასება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის (შემდგომ - თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა) გამოყენებით.
2. თვითშეფასებაში ჩართული მხარეები თვითშეფასების კითხვარს ავსებენ და აგზავნიან ელექტრონულად, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაწესებულების შესაბამისობის აღწერა ავტორიზაციის სტანდარტებთან/კომპონენტებთან/კრიტერიუმებთან მიმართებით;
ბ) შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
გ) სხვა ინფორმაცია, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის ხარისხის სისტემური შეფასების განხორციელების მიზნებისათვის.
3. თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ცენტრი.
4. თვითშეფასების პროცესში ჩართულნი არიან შემდეგი მხარეები:
ა) დაწესებულების ადმინისტრაცია;
ბ) საგანმანათლებლო პერსონალი;
გ) ტექნიკური პერსონალი;
დ) მშობლ(ებ)ი/კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ი;
ე) საჯარო დაწესებულების შემთხვევაში, თვითშეფასების პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელიც აერთიანებს დაწესებულებებს (გაერთიანება).
5. თვითშეფასების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ადმინისტრაცია.
6. თვითშეფასების პროცესში ჩართული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საგანმანათლებლო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია თვითშეფასების კითხვარი შეავსოს აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე ამ წესის დანართების შესაბამისად.
იხილეთ ასევე:
თვითშეფასება 2028-დან 215-მა ბაღმა მოახერხა - განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების ექსპერტთა შერჩევა გაუჭირდა
საბავშვო ბაღების მართვის სადავეებს მუნიციპალიტეტები აიღებენ და პროცესსაც ისინი წარმართავენ