საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მცირეწლოვანმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. მშობლების მტკიცებით, 3 წლის ბავშვი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ორგანიზაციის ცნობით, გ.გ (ინიციალები შეცვლილია) 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე სწავლობდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბაღში.
„გ.გ-ს აღენიშნება განვითარების ეტაპების დარღვევა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მისთვის შეზღუდვების დაწესება არ ყოფილა საჭირო. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე მას არ აძლევდა შესაძლებლობას სრულად ჩართულიყო საბავშვო აქტივობებში.
გ.გ-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელები მზიან დღეს საბავშვო აუზში ერთობოდნენ, ის კი ოთახში იყო, თანატოლებისგან განცალკევებით", - წერია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კერძო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი მოსარჩელის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
წყარო: მთავარი არხი
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების გაერთიანებას სასამართლომ აღმზრდელისთვის 7 200 ლარის გადახდა დააკისრა
თვითშეფასება 2028-დან 215-მა ბაღმა მოახერხა - განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების ექსპერტთა შერჩევა გაუჭირდა