პარლამენტში დღეს, 5 ივნისს, გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე მოხსენება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარმოადგინა.
როგორც მახარაშვილმა განმარტა, სახელმწიფოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თვითშეფასების პროცესი დაიწყო. ამ ეტაპამდე კი, ყველა დეტალი, რომელიც კანონის დანერგვის პროცესში მიმდინარეობს, სათითაოდ გაიარეს როგორც მუნიციპალიტეტებთან, ისე ყველა საბავშვო ბაღთან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტებს საბავშვო ბაღების პატრონად და ადვოკატად მოიხსენიებს.
„პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო... პირველად მოხდა ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ - გვაინტერესებს საბავშვო ბაღებში რა ხდება, გვაინტერესებს ხარისხი... საბავშვო ბაღის ხარისხზე როცა ვსაუბრობთ, ეს აბსოლუტურად ყველას გვეხება... ჩვენს ვალდებულებად გავიხადეთ, რომ მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა, იდენტიფიცირება მისი როლისა ახლაც და სამომავლოდაც, რომ წარუძღვეს პროცესს, განათლების ხარისხის ცენტრს აქვს ვალდებულება, მუნიციპალიტეტი აქტიურად იყოს პროცესებში ჩართული... ამიტომ, ავტორიზაციის დროებით წესში ცალკე მუხლი დაეთმო მუნიციპალიტეტების როლისა და უფლებამოსილების განსაზღვრას გარდამავალ პერიოდში... მუნიციპალიტეტი ითანხმებს დაწესებულების თვითშეფასებას. თვითშეფასებაა, როცა დაწესებულებამ წარმოადგინა საკუთარი თავი - სად აქვს სუსტი წერტილი და სად აქვს ძლიერი იმ სტანდარტთან შესაბამისობაში, რომლითაც უნდა შეაფასო. ესე იგი, პირდაპირ არის პროცესში ჩართული. ვერ შეითანხმებს, თუ არ იცის ბაღის ორგანიზმი. ასევე, ავტორიზაციის პროცესში მიავლენს თავის თანამშრომელს, იღებს დასკვნას და არგუმენტირებულ პოზიციას... იმდენად ეცოდინება მთლიანად პროცესი, 2030 წლიდან ის შეძლებს, რეალურად თავის ხელში აიღოს სადავეები და სრულყოფილად მართოს პროცესი“, - ამბობს მახარაშვილი.
გარდა ამისა, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტი სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით და ითანხმებს 30%-ით გაზრდილი ოდენობისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევებს და უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის, შეჩერების, უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნულ დაწესებულებაში რეგისტრირებული, ჩარიცხული ბავშვები ერთჯერადად გადაანაწილოს სხვა დაწესებულებაში.
„პატრონია ამ დაწესებულებებისა, არის ადვოკატი და იცის, სად რა ინფორმაციაა, სად რა მდგომარეობაა და, შესაბამისად, პროცესებში მაქსიმალურად არის ჩართული“, - ამბობს მახარაშვილი.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ამ წესის მიხედვით დანიშნავენ - განათლების მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა
სკოლამდელი განათლების საბჭოს წევრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა - „არ მინდა, ის განმეორდეს, რაც შარშან მოხდა“