დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების გაერთიანებას სასამართლომ აღმზრდელისთვის 7 200 ლარის გადახდა დააკისრა
04.06.2023

უზენაესმა სასამართლომ დაადგინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, საბავშვო ბაღის აღმზრდელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამისათვის გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება მას 7 200 ლარს გადაუხდის. 

გათავისუფლებული აღმზრდელი სასამართლოსგან მოითხოვდა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენასაც. კერძოდ, მისი განცხადებით, დამსაქმებელმა მოახდინა მისი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილების გამო დისკრიმინაცია, რაც გამოიხატებოდა ერთი და იმავე პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულებიდან კონკრეტულად მის გამორჩევაზე.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება და მის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 7 200 ლარის ოდენობით. იმავე გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტის პოზიციით, აღმზრდელს განემარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა. რის მიხედვითაც, ის ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამიტომ, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე გათავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის პოლიტიკური პარტიის წევრი, სხვა გარემოებების არარსებობის პირობებში, არ ქმნის დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადო არგუმენტებით და მტკიცებულებებით დადასტურება, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის არსებობას“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღმზრდელი პოლიტიკური ორგანიზაცია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრია.

წყარო: qartli.ge

იხილეთ ასევე:

„ბაღში უხეშად ირღვევა ბავშვების განვითარების, სწავლის და ყველა ის უფლება, რისთვისაც იქ დადიან“ - აღსაზრდელების მშობლებმა პეტიცია შეადგინეს

„აღმზრდელის ხელზე ასაღები ხელფასი 650 კი - არა, 520 ლარია“ - საბავშვო ბაღები, სადაც ანაზღაურება ოფიციალურად 298 ლარიდან 980 ლარამდე მერყეობს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი