ჯგუფის აღმზრდელი ინკლუზიური განათლების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ის მთავარი პასუხისმგებელი პირია აღსაზრდელის სასწავლო-სააღმზრდელო მიზნების მიღწევაზე, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოში.
ამავე პუბლიკაციაში წერია ასევე, რომ აღმზრდელს ხანგრძლივი კონტაქტი აქვს აღსაზრდელებთან და, შესაბამისად, ყველაზე კარგად ფლობს ინფორმაციას თითოეული ბავშვის სოციალური, მოტორული, კოგნიტური განვითარების და ყოველდღიური საჭიროების შესახებ.
საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მშობელთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა აირჩიოს აღსაზრდელისთვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო-სააღმზრდელო მიზნები პრიორიტეტების მიხედვით, შექმნას და დანერგოს სათამაშო/სასწავლო და ყოველდღიური აქტივობები, მოახდინოს რესურსების მოძიება დასახული მიზნებისა და პროგრამების განსახორციელებლად გუნდის სხვა სპეციალისტებთან ერთად და შეაფასოს მათი მუშაობა.
გარკვეულწილად სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის ჯგუფში წარმატებული ჩართვა. კერძოდ კი, მის მიდგომაზე, სწორ სტრატეგიებსა და ასევე აქტივობებზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი, მოემზადონ თავად და მოამზადონ ჯგუფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მისაღებად.
ჯგუფში განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის მომსახურებისას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ასევე მასწავლებლის თანაშემწეს, რომელიც, მშობელთან და სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით, ეხმარება მასწავლებელს აღსაზრდელის თვითმოვლის – კვებისა და ტუალეტის უნარ-ჩვევების ათვისებაში, ძილის და დასვენების ორგანიზებაში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის სათამაშო/სასწავლო აქტივობებში მონაწილეობასაც.
იხილეთ ასევე:
7 რჩევა აღმზრდელ-მასწავლებლებსა და მშობლებს ცნობილი ფსიქოლოგისგან