დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ამ წესის მიხედვით დანიშნავენ - განათლების მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა
02.06.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის  საბჭოს წევრთა შერჩევის წესი დამტკიცდა - ბრძანებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ხელი 31 მაისს მოაწერა.

ბრძანების მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ უნდა განსაზღვროს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურები და პირობები.

ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია

ამ წესით განსაზღვრულ პირობათა დაცვით წარმოდგენილი ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით უნდა შეიქმნას ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

კომისია უნდა შედგებოდეს განათლების სფეროში სათანადო კომპეტენციის მქონე პირებისაგან. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი/პირების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტები.

ავტორიზაციის საბჭოს წევრთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები

ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე  სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტები, დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირები/ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე  სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის კვოტით  წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საექსპერტო სამუშაო(ები)ს განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროში/სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის დასაქმებულის სტატუსის ქონა აღნიშნულ დაწესებულებაში.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირების/ორგანიზაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მუშაობის  ან/და ამავე სფეროში პროექტების განხორციელების ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დარგობრივი ასოციაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან პროფესიული განათლება;

ბ) წარმდგენ დარგობრივ ასოციაციაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის ამ ასოციაციის წევრობის სტატუსის ქონა.

დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.

კანდიდატების შერჩევის პროცესი

კანდიდატთა შერჩევის პროცესში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

კანდიდატების შესარჩევად აღნიშნულმა ცენტრმა დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია უნდა განათავსოს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.eqe.ge. ცენტრი უფლებამოსილია, ინფორმაციის გასავრცელებლად დამატებით გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც.

კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა შესაბამის ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.

კანდიდატთა შერჩევის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) საბჭოს დასახელებას;

ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობას;

გ)  ავტორიზაციის საბჭოს წევრის ფუნქციების აღწერას;

დ) კანდიდატების წარდგენის ვადასა და წესს;

ე) კანდიდატის წარმდგენი იურიდიული პირის/ინიციატორის შესახებ წარსადგენი მონაცემების ჩამონათვალს;

ვ) კანდიდატთან დაკავშირებით წარსადგენი მონაცემების ჩამონათვალს;

ზ) დამატებით ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში).

განაცხადების მიღების გამოცხადების ვადა უნდა უზრუნველყოფდეს ავტორიზაციის საბჭოს უწყვეტ და შეუფერხებელ მუშაობას.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს წარადგენს იურიდიული პირი/ინიციატორი, განაცხადს თან უნდა დაერთოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა კანდიდატად წარდგენის თაობაზე.

კომისიის საქმიანობა

კომისიამ უნდა განიხილოს ამ წესის მიხედვით წარდგენილი კანდიდატები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტული კანდიდატების ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის შესახებ.

კომისიას უნდა უხელმძღვანელოს თავმჯდომარემ, რომელიც იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას.

თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით არჩეული კომისიის ერთ-ერთი წევრი.

კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

კომისიის წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში და დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელებისას.

კომისიამ საქმიანობისას და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების/თვითაცილების მექანიზმები. კანდიდატთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს ავტორიზაციის საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცენტრის დირექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების განხილვის საფუძველზე შეარჩევს ავტორიზაციის საბჭოს წევრთა კანდიდატებს, მათ შორის, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ავტორიზაციის საბჭოს მდივნის კანდიდატებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მიხედვით ვერ განხორციელდა სათანადო რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული დათქმების გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს ავტორიზაციის საბჭოს წევრობის სხვა კანდიდატებიც.

იხილეთ ასევე: 

სკოლამდელი განათლების ექსპერტების შესარჩევად კონკურსი თავიდან გამოცხადდა - განათლების სამინისტრო 150 კადრს ეძებს

განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღებს დამხმარე სპეციალისტები გამოუყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი