1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერში დააწესა. 1950 წლიდან კი ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
სურვილი ასეთი სახის დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო 1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1-ელ ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული, თუმცა მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს დღე, უცნობია.
საბოლოოდ კი, ამ დღესასწაულის არსებობა განმტკიცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ომის შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენდა კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა. ამასთან დაკავშირებით, პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის.
ბავშვთა დაცვის დღის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.
მწვანე ფონი ასახავს ზრდას, ჰარმონიას, სიხალასეს და ნაყოფიერებას, დედამიწა - საყოველთაო სახლის სიმბოლოა. სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები - წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი და თეთრი, ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.
1 ივნისი ბავშვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა:
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას. ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში“.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კი პატარები სხვადასხვა ღონისძიებებზე დაპატიჟა.
ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე კეთილ, ყველაზე გულწრფელ პატარა ადამიანებს, მხიარული, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა უნდა ჰქონდეთ.
გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
იხილეთ ასევე:
„ბავშვს აქვს უსაქმოდ ყოფნის უფლება“ - მასწავლებლის მიერ შედგენილი ბავშვთა უფლებების მანიფესტი
19 რჩევა მშობლებისთვის - თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს