თუ შესაძლებელია, საბავშვო ბაღში უნდა მიიწვიონ მოცეკვავე, რომელიც ბავშვებისთვის წარმოადგენს ცეკვებს, - აღნიშნულია სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელის სახელმძღვანელოში.
თუ ბაღს მოცეკვავის მიწვევის საშუალება არ აქვს, პატარებს უნდა აჩვენონ რაიმე ტიპის ცეკვის ვიდეოჩანაწერი. ეს შეიძლება იყოს ბალეტი, სალსა, ხალხური ცეკვა, ვალსი და ა.შ., რის შემდეგაც, სასურველია, ჩართონ მუსიკა და ბავშვებს მიეცეთ თავისუფლება, რომ დამოუკიდებლად შეასრულონ საცეკვაო მოძრაობები, მოახდინონ იმპროვიზაცია უფროსების ჩარევისა და მითითებების გარეშე.
საბავშვო ბაღში პატარებს პერიოდულად შეგიძლიათ უჩვენოთ სხვადასხვა ცეკვა, რის შემდეგაც მათ უნდა იმსჯელონ, რომელია მათი საყვარელი ცეკვა და რატომ მოსწონთ ის ყველაზე მეტად.
აღმზრდელს შეუძლია, გასაცნობად გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ცეკვები. შესაბამისად, უნდა გაუძღვეს დისკუსიას სხვადასხვა ქვეყნის ცეკვებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე.
ამას გარდა, აღმზრდელებს შეუძლიათ ისაუბრონ, თუ როგორ ასახავს ხალხური ცეკვა ქვეყნის კულტურასა და ბუნებას.
ცეკვები ყელსახვევებით, ლენტებითა და ფერადი მოსართავებით
ბავშვებს ადრეულ ასაკში უყვართ მოძრაობა, ცეკვა და თითქმის ყოველთვის აქტიურნი არიან. ეს ენერგია შეგვიძლია რიტმსა და მუსიკას დავუკავშიროთ და მოძრაობის დროს გამოვიყენოთ ყელსახვევები, ლენტები, მოსართავები. აღნიშნული მასალის ჰაერში ამოძრავება, ტრიალი და სხვადასხვა ფორმების მოხაზვა შემოქმედებითობას შესძენს ბავშვების მოძრაობებს და გაალამაზებს ცეკვებს. ბავშვები შეძლებენ საკუთარი ემოციების გამოხატვას. აღმზრდელმა კი უნდა ჩართოს ან დაუკრას სხვადასხვა ჟანრის მუსიკა.
იხილეთ ასევე:
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს სხვადასხვა ცეკვის ილეთეები და ინსტრუმენტზე დაკვრა