სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღში ბავშვის ჩარიცხვა და ამორიცხვა უნდა განხორციელდეს დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
უფრო კონკრეტულად, ბავშვისა და დაწესებულების სამართლებრივი კავშირის განსაზღვრისათვის დაწესებულებაში უნდა არსებობდეს რეგისტრაციის და ჩარიცხვა-ამორიცხვის წესი, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაწესებულებამ თავად უნდა დაამტკიცოს.
რეგისტრაციის ფორმის არჩევა, ელექტრონული იქნება რეგისტრაცია თუ მატერიალური, დაწესებულების გადასაწყვეტია.
რა არის წესის მიზანი?
ბავშვის რეგისტრაციის და ჩარიცხვა-ამორიცხვის სისტემის რეგულირება, პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების (ყველასთვის) თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
დაწესებულების მიერ შემუშავებული წესი უნდა არეგულირებდეს:
დაწესებულებებში ბავშვების მიღებას (რეგისტრაცია), ჩარიცხვას, ამორიცხვას (რეგისტრაციიდან მოხსნა), ჯგუფების დაკომპლექტებას, დამატებითი (შერეული) ჯგუფების შექმნას, რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევებს, საქმისწარმოების მიზნებისთვის დაწესებულებაში წარსადგენი საბუთების ნუსხას, რეგისტრაციის ფორმას (ელექტრონული/მატერიალური) და სხვა.
რეგისტრაციის წესის საფუძველზე, ასევე დარეგულირებული უნდა იყოს რეგისტრაციის პოცესში გამონაკლისი საკითხები, როგორიცაა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტული ბენეფიციარების ჯგუფების შერჩევა, მაგალითად, მრავალშვილიანი ოჯახი, სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონა და სხვა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თავისუფალია, აირჩიოს რეგისტრაციის განხორციელების გზა - იქნება ეს ელექტრონული თუ მატერიალური. თუმცა არსებობს რიგი უპირატესობები, რაც რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვას სდევს თან.
ეს უპირატესობებია:
გამართული პროცესის უზრუნველყოფა, ინფორმაციის შეგროვებისა დადამუშავების სიმარტივე, პრიორიტეტული ბენეფიციართა ჯგუფების მართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომლოდინე ბავშვების მართვა, თანამედროვე მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის გამჭვირვალობა და მაღალი სანდოობა.
იხილეთ ასევე: