„საბავშვო ბაღებში შესწავლილი იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები (განხილული ასაკობრივ ჭრილში), ნაწილობრივ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს, რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული“, - წერია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს ეხება.
ის, რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტს, რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული, ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაშიც არის აღნიშნული.
არსებული მდგომარეობის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტში დაგეგმლია საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. არნიშნული სტანდარტის მიზანი კი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაა.
„სწავლების ხარისხის გაზრდა და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება სკოლამდელი აღზრდის განვითარების პროგრამით. პროგრამა მოიცავს: არსებული მდგომარეობის შესწავლას და გაანალიზებას; საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის მაღალი სტანდარტის ტრენინგ-კურსების მომსახურების შესყიდვას და სხვა ღონისძიებებს“, - ნათქვამია 2023 წლის მაისის თვეში გამოცემულ დადგენილებაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღია, სადაც ამჟამინდელი მონაცემებით 483 აღსაზრდელი ირიცხება და 41 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე მუშაობს.
იხილეთ ასევე:
განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღებისთვის გზამკვლევის გადაცემა დაიწყო