რაზე მეტყველებს ბავშვის არასწორი წონა და სიმაღლე სხვადასხვა ასაკში? ამ თემაზე პედიატრმა ანა მაღრაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზედმეტი წონაც სახიფათოა და მცირეც.
ექიმის თქმით, არსებობს სტანდარტული მაჩვენებლები, რომელიც გარკვეული ასაკის ბავშვების შესაბამისი უნდა იყოს. განგაშის სიგნალი კი მაშინ უნდა ჩაირთოს, როდესაც ბავშვებს აქვთ წონასა თუ სიმაღლეში მკვეთრი ჩამორჩენა ან პირიქით - ჭარბი წონა ან სიმაღლე.
„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე პედიატრი რთავს შესაბამის სპეციალისტებს, რათა მოხდეს კონკრეტული დიაგნოზის გამორიცხვა ან კონკრეტული მედიკამენტით ჩარევის საჭიროების დადგენა. ანთროპომეტრიული მონაცემების ცვალებადობა ხშირად დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე. თუ მშობლები არიან მაღლები, რა თქმა უნდა, ბავშვი შეიძლება იყოს მაღალი. თუ არის მშობლების მხრიდან გენეტიკურად ჭარბი წონისკენ მიდრეკილება, ბავშვი შეიძლება იყოს მიდრეკილი ჭარბი წონისკენ... როდესაც გენეტიკურად მიდრეკილია ჭარბი წონისკენ, ჩვენ ვცდილობთ, ნახშირწყლები მაქსიმალურად ამოვიღოთ საკვები რაციონიდან, დავგეგმოთ სწორი კვების რეჟიმი, ნაკლები ტკბილეული მიიღოს. ზოგადად, ისედაც ვიცით, რომ ტკბილეული ბავშვებში სასურველი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჭარბი წონისკენ“, - ამბობს პედიატრი.
ანა მაღრაძის განმარტებით, ბავშვის წონის მატება პირდაპირპროპორციულია მისი კვების რაციონთან. პურის და ორცხობილების მიწოდება და ამით კალორიების შევსება კი, რასაც ბევრი მშობელი აკეთებს, არასწორია, რადგან ამას შემდგომში მივყავართ ბავშვის ერთფეროვან კვებამდე. ბავშვი ამით იღებს იმდენ კალორიას, რომ მას აღარ სურს სხვა კონკრეტული საკვების მიღება.
„განგაშის სიგნალი ირთვება მაშინაც, როდესაც ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა და როდესაც ბავშვი იწყებს წონაში კლებას ან სიმაღლეში ზრდა ჩერდება და ამასთანავე, ბავშვი აღარ არის აქტიური, მოდუნებულია, მუდმივად უენერგიოა. წონის მონაცემების ცვლილება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - ეს არის შინაგანი ფაქტორები, რომელიც უშუალოდ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარეობს და ეს შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის გამო, შეიძლება იყოს ენდოკრინული ფაქტორების, მეტაბოლური პროცესების გამო, როდესაც ნივთიერებათა ცვლა და გარკვეული საკვების შეწოვის პროცესები ირღვევა... გარეგანი ფაქტორებია, როდესაც ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით კონკრეტულ ნივთიერებებს. შეიძლება დედა გეუბნებათ, რომ ბავშვი გადასარევად იკვებება, თუმცა ღრმა ჩაძიების პროცესში აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მას აქვს ერთფეროვანი კვება და სწორედ ეს არის მიზეზი მისი წონის, სიმაღლის თუ სხვა პრობლემების წამოჭრისა. ასევე, ამ დროს შეიძლება იყოს ხშირი ავადობები, ხშირი ინფექციები, სეფსისი, ნაწლავური ინფექციები, რესპირაციული ინფექციები, რომელიც ბავშვებში საკმაოდ ხშირია, თუმცა იქაც არსებობს გარკვეული ნორმები... თუმცა, თუ ამ ნორმებს სცდება ავადობების სიხშირე, შესაბამისად, ეს ყველაფერი უკვე გამოიხატება ბავშვის პარამეტრების, წონის, სიგრძის მატების შეფერხებაში. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის სწორად შეგროვებას, როდესაც პაციენტი მოგვმართავს ჩივილით, რომ ბავშვი არის ან ჭარბი წონის ან პირიქით, ძალიან გამხდარია“, - თქვა ექიმმა.