დღის თემა
etaloni.ge
ბაღის დირექტორი და აღმზრდელი ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით გაათავისუფლეს
18.05.2023

ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის 215-ე ბაღის დირექტორი რუსუდან ცხვარაძე და აღმზრდელი ნატო ჭიკაიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, რის მიზეზიც მშობლების მიერ გამოთქმული ბრალდებებია. მშობლები ირწმუნებიან, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღმზრდელი ბავშვებზე ძალადობდა, დირექტორი კი ხელს აფარებდა. 

215-ე საჯარო ბაღში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე მშობელმა ბაღის მასწავლებლის მხრიდან ბავშვებზე ძალადობისა და ბულინგის ფაქტებზე ტელეკამერებთან ისაუბრა.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ორი მშობელი და აღმზრდელი ნატო ჭიკაიძე. საგამოძიებო სამსახურებმა ბაღიდან კამერების ჩანაწერებიც გამოითხოვა.

მშობელი ანა ცხოვრებაძე ინტერვიუში ყვებოდა, რომ პედაგოგის მიერ მიყენებული დაზიანებების გამო მისი 4 წლის შვილი ღია ჭრილობით კლინიკაში მოხვდა, დაზიანებები კი ბავშვს, სავარაუდოდ, აღმზრდელმა მიაყენა. ცხოვრებაძემ პედაგოგის შესაძლო ბრალეულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მომხდარზე სხვა ბავშვებმა თავიანთ მშობლებს უამბეს.

როგორც კიდევ ერთი მშობელი, ლიკა ბერძენიშვილი, „ფორმულასთან" მოყვა, ბაღიდან კამერების ჩანაწერების გამოთხოვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აღმზრდელი ნატო ჭიკაიძე მის შვილზე და სხვა ბავშვებზეც ძალადობდა - ურტყამდა, თმას წიწკნიდა და ოთახში გამოკეტვით სჯიდა.

ორივე მშობელის თქმით, მათ ბაღების სააგენტოში იჩივლეს და მიმართეს პოლიციასაც, თუმცა ფაქტს, რეაგირება არ მოჰყოლია. მშობლები ამბობენ, ამ ჩივილის გამო ბაღის დირექტორისგან, რუსუდან ცხვარაძისგან საყვედური მიიღეს და რომ დირექტორი აღმზრდელ ნატო ჭიკაიძეს ხელს აფარებდა.

როგორც ირკვევა, ნატო ჭიკაიძე უფრო ადრე ძიძად მუშაობდა და ძალადობაში ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა შემდეგ დააწინაურეს და აღმზრდელი გახდა.

„ფორმულა" ირწმუნება, რომ ამბის გასარკვევად 215-ე ბაღში მისულ გადამღებ ჯგუფს ბაღში კიდევ უფრო სახიფათო ამბავი დახვდა -  მასწავლებლებს ბაღიდან ორი ბავშვი გაეპარათ და ისინი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ბაღიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ 215-ე საჯარო ბაღში გამოძიება დაიწყო და მშობლები გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიება სავარაუდო ძალადობის ფაქტებისა და ბავშვების დაკარგვის გარემოებების გამო დაიწყო. საქმით დაინტერესდა ასევე სახალხო დამცველის აპარატიც.

იხილეთ ასევე: 

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ეჭვი აქვს, რომ ბაღის აღმზრდელი ბავშვს არასათანადოდ ექცევა - განმარტება

ბაღებში 3 წლამდე ბავშვებს არ იღებენ - „მოთხოვნა არის, მაგრამ საკრებულომ ასე გადაწყვიტა“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი