გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღის შენობაში ბაღის თანამშრომლებმა ქვეწარმავალი დააფიქსირეს.
როგორც ბაღის დირექტორი, მარინე დაღელაშვილი ამბობს, იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის შენობაში გველი დაინახეს, სააღმზრდელო დაწესებულებამ ფუნქციონირება ორი დღით შეწყვიტა.
„ჩვენმა თანამშრომელმა, მზარეულის თანაშემწე გოგონამ დაინახა გველი საბავშო ბაღის შენობაში, შესასვლელშივე იყო. მაშინვე, მყისიერად შევატყობინეთ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი შათირიშვილს. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურიდან, შეწამლეს მთელი ტერიტორია და რის გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გააკეთეს“, - გვითხრა ბაღის დირექტორმა, რომელიც უარყოფს ინფორმაციას, რომ ბაღში გველი მეორედ დაინახეს და შიშის გამო უკვე ორი კვირაა, საბავშვო ბაღი დაკეტილია.
„11 ოქტომბერი იყო, სამშაბათი. გვითხრეს, რომ ორი დღე იყო საჭირო, რომ შეწამვლას ემოქმედა. მხოლოდ ორი დღე ვიყავით დაკეტილი - 12 და 13 ოქტომბერი. 14 ოქტომბერი ისედაც დასვენების დღე იყო და 17 ოქტომბრიდან ჩვეულებრივ განვაახლეთ მუშაობა. იმ სპეციალური სამსახურის ინსტრუქციას მივყევით - გვითხრეს, რომ ორი დღით უნდა დაგვეკეტა ბაღი. ცრუ ინფორმაცია გაგვივრცელეს, რომ ორი კვირაა, ბაღი არ მუშაობს. ისიც დაწერეს, საბავშვო ბაღში გველი მეორედ ნახესო. არც ეს არის სიმართლე. სოფელია და ყველგან შეიძლება იყოს ქვეწარმავალი. ჩვეულებრივად დადიან ბავშვები და ჩვენ ყოველდღიურად გადავცემთ ამ მონაცემებს ბაღების სააგენტოს“, - ამბობს მარინე დაღელაშვილი.