საბავშვო ბაღის აღმზრდელების მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ადრეული განათლების კურიკულუმს ეხება, მოცემულია კონკრეტული მაგალითები და რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სკოლამდელი დაწესებულების პატარებთან მომუშავე პირი მაშინ, როდესაც ბავშვები ჩხუბობენ.
მარიონეტები და თოჯინები
ბავშვებისთვის დამახასიათებელი კონფლიქტური სიტუაციების მარიონეტებით და თოჯინებით გათამაშება ეხმარება ბავშვებს, ახლებურად დაინახონ სიტუაცია. ეს პრობლემის გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა.
მაგალითად, თუ ბაღის ჯგუფში ბავშვებს სათამაშოების განაწილების პრობლემა აქვთ, აღმზრდელმა მსგავსი სიტუაცია პლუშის ცხოველების გამოყენებით უნდა გაითამაშოს:
გიგი თამაშობს ბურთით, რომელიც კატომ მოიტანა სახლიდან, კატომ დაინახა და ყვირილით დაედევნა: „ჩემია, დამიბრუნე“. როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა კატო? რას გრძნობდა გიგი? გაქვთ რამე მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს საქმე?
დაფიქრდით პრობლემაზე
ბაღის აღმზრდელმა უნდა დააფიქროს ბავშვები, რამხელა შეიძლება იყოს პრობლემა: პატარა - რომელსაც დამოუკიდებლად მოაგვარებ, საშუალო - როცა მცირედი დახმარებაც საკმარისია და დიდი - მეტი დახმარება გჭირდება.
ბაღის აღმზრდელმა უნდა გამოიყენოს სამი ზომის წრე და ბარათები შემდეგ სიტუაციებზე: ორი ბავშვი ერთ სათამაშოზე ჩხუბობს; ბავშვები კამათობენ; სათამაშო გაუფუჭდა და დაღონებულია; ერთი ბავშვი მეორეს ურტყამს; ერთი მეორეს თავის გვერდით არ სვამს; ბავშვები თამაშობენ და ერთი ბავშვი შორიდან უყურებს;
აღმზრდელმა უნდა იმსჯელოს ბავშვებთან ერთად და დაალაგოს ბარათები პრობლემის აღმნიშვნელ შესაბამის წრეზე. ასევე, იმსჯელოს, როგორ უნდა მოაგვარონ თითოეული პრობლემა.
პრობლემის გადაჭრის ყუთი
აღმზრდელმა უნდა ჩამოწეროს პრობლემის მოგვარების ხერხები. მაგალითად: ბავშვი ეძახის აღმზრდელს, თავაზიანად ითხოვს, ელოდება თავის რიგს, აიგნორებს.
სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მიდგომა შეიძლება იყოს ეფექტური. ამიტომ, ბავშვებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად ფიქრი, რა შესაძლებლობები არსებობს და რა დროს რისი გამოყენება იქნება შედეგიანი.
აღმზრდელს შეუძლია, დაამზადოს ბარათები, თითო ბარათზე დახატოს და მიაწეროს პრობლემის გამკლავების გზა. ლამინირებული ბარათები შეუძლია ააცვას ჯაჭვზე ან მოათავსოს სპეციალურ „პრობლემის გადაჭრის“ ყუთში. ისაუბროს და ავარჯიშოს ბავშვები დილის წრეზე, მცირე ჯგუფებში. ჰკითხოს, ჯგუფისთვის დამახასიათებელ პრობლემურ სიტუაციებში, რა გზას აირჩევენ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ბარათები კარგი საშუალებაა პრობლემის მოგვარების სწავლების პირველ ეტაპზე და ამასთან, ბავშვებისთვის თვალსაჩინოს ხდის პრობლემის მოსაგვარებელ მრავალფეროვან გზებს. შემდეგ, მათ ბარათებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ იფიქრონ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ხერხზე. ამ მიდგომისას გარკვეული ჩარჩოა საჭირო, რომ ბავშვებმა იფიქრონ, აკმაყოფილებს თუ არა მათი არჩეული გზა შემდეგ სამ მნიშვნელოვან წესს - გზა, რომელიც ავირჩიე:
1) ზიანის მომტანია თუ არა სხვებისთვის
2) არის თუ არა სამართლიანი
3) როგორ იგრძნობენ თავს სხვები.
სპიკერის ჯოხი
კონფლიქტის მოგვარებისას მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ისწავლონ სხვისი მოსმენა და დალოდება. ამისათვის, აღმზრდელმა უნდა გააცნოს ბავშვებს დამხმარე საშუალებები და შესაბამისი წესები. მაგალითად, შესთავაზოს სპიკერის სპეციალური ჯოხი ან რამე სხვა ნივთი, რაც გაუადვილებთ, გააკონტროლონ თავიანთი ქცევა და მოუსმინონ სხვას. ვისაც ეს ნივთი ხელში უჭირავს, ის საუბრობს. როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმას დაასრულებს, ნივთი სხვას უნდა გადასცეს. ეს თამაში დიალოგის – მოსმენა, საუბრის – გაკონტროლებაში დაეხმარება ბავშვებს.
მოლაპარაკების მაგიდა
აღმზრდელმა უნდა დააწესოს ყოველდღიური პროცედურა კონფლიქტების მოსაგვარებლად და ასწავლოს ბავშვებს კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები. ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ თამაშის დროს წარმოქმნილი კონფლიქტები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოაგვარონ და მხოლოდ მაშინ ადგნენ, როდესაც მოილაპარაკებენ. აღმზრდელს შეუძლია, შეიმუშავოს სპეციალური წესები მოლაპარაკების მაგიდისთვის, რომელიც იქვე, თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული. მაგალითად: ვუსმენ ყურადღებით, გასაგებად ვეუბნები და ვუხსნი, მე რა მინდა და რატომ; ვდგებით, როდესაც მოვილაპარაკებთ და ა.შ.
დააპაუზე და დაფიქრდი
აღმზრდელს შეუძლია, შექმას „პაუზის ღილაკები“ და დაურიგოს ბავშვებს. ასევე, უამბოს ისეთი სიტუაციების შესახებ, სადაც ბავშვი არ იღებს სწორ გადაწყვეტილებას, ან არ იქცევა სწორად. ბავშვებმა ასეთ დროს ხელი უნდა დააჭირონ ღილაკს და დაფიქრდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ გადაწყვეტილებას. გართულებული ვარიანტი: დაუმატეთ უკან გადახვევის ღილაკი და ბავშვები აფიქრეთ, როგორ შეიძლება მოიქცე ამ სიტუაციაში. აღმზრდელმა შეიძლება სთხოვოს ბავშვებს, ხელოვნების ცენტრში დისტანციური მართვის პულტი გააკეთონ - შესაბამისი ღილაკები გააკეთონ, გააფორმონ სურვილისამებრ და გამოიყენონ ამ თამაშისთვის.
იხილეთ ასევე:
აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“