ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის წესის ოთხი სტანდარტიდან ერთ-ერთი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერაა.
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია სამუშაო გარემოსთან.
ახალი თანამშრომლის დაწესებულებაში შესვლა პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მოიცავს ორგანიზაციაში არსებული წესებისა და ნორმების ათვისებას, გუნდში ჩართვას, ურთიერთობების დადგენილი ნორმების მიღებას, პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებასა და მის პრაქტიკაში ეფექტურ გამოყენებას.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ინტეგრაციის პროცესი მიმართული უნდა იყოს ახალი თანამშრომლების თანამდებობაზე უფრო სწრაფი ადაპტაციის უზრუნველყოფისკენ, სამუშაოებში ჩართვისას შეცდომათა რაოდენობის შემცირებისაკენ, მუშაობის პირველი დღეების დისკომფორტის შემცირებისაკენ, ასევე თანამშრომლის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, კვალიფიკაციის დონისა და მისი შესაძლებლობების შეფასებისათვის.
ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია შესაძლებელია რამდენიმე ძირითად ეტაპად დაიყოს: ადაპტაცია დაწესებულებაში, ადაპტაცია სტრუქტურულ ერთეულში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თანამდებობაზე/პოზიციაზე.
ადაპტაციის ორგანიზება უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ახალმა თანამშრომელმა შეძლოს სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება. თანამშრომელი უნდა გაეცნოს თანამდებობრივ ინსტრუქციას (სამუშაო აღწერილობას), ნორმატიულ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება მის საქმიანობას და შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.
საბავშვო ბაღმა, აღნიშნული პროცესის შესრულების მტკიცებულებად, შესაძლებელია წარმოადგინოს მის მიერ შერჩეული/შემუშავებული მექანიზმი, თუ როგორ ახდენს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან და მათ ეფექტურად ჩართვას სამუშაო პროცესში. ზემოაღნიშნული მექანიზმში ასახული უნდა იყოს პირი/პირები, რომლებიც ჩართულები იქნებიან ინტეგრაციის პროცესში. მაგალითად, დაწესებულებას შეუძლია შეადგინოს და დაამტკიცოს სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის/ინტეგრაციის გეგმა და შეფასების ფორმა.
იხილეთ ასევე: