თამაშები და სტრატეგიები ბავშვებს ერთმანეთთან წარმატებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, გაცნობაში, ერთად თამაშში, დამეგობრებასა და ჯგუფის ერთ გუნდად შეკვრაში ეხმარება.
როგორ უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ჯგუფის ერთობაზე, ამის შესახებ სტრატეგიები, გამოწვევები და ჯგუფის წესები მეთოდურ სახელმძღვანელოშია განხილული, რომელიც ადრეული განათლების კურიკულუმს ეხება.
სტრატეგიები და გამოწვევები
► ინდივიდუალურად ესაუბრეთ ბავშვებს, აქტიურად მოუსმინეთ. აგრძნობინეთ, რომ ამჩნევთ და აფასებთ მათ.
► დაეხმარეთ ერთმანეთთან კომუნიკაციაში. ასწავლეთ, როგორ მიმართონ ერთმანეთს, რა სიტყვები და ფრაზები გამოიყენონ კომუნიკაციის და ურთიერთობის დროს. თავდაპირველად, მიეცით მაგალითი და თანდათან წაახალისეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოს. ისე ისაუბარეთ ბავშვებთან, ან ისე განმარტეთ ბავშვის ნათქვამი, რომ მეგობარმა გაუგოს. მაგალითად: „ანა, ლუკას დავეხმარები აგიხსნას, რატომ ფიქრობს, რომ აქ კოშკის აგება კარგი აზრია ..“.
► შექმენით ისეთი გამოწვევები, რომ ბავშვებმა ერთად ითამაშონ. ამისათვის, შეიძლება, მათი წინასწარ მოფიქრებულ თამაშებში ჩართვა დაგჭირდეთ, ან სპეციალური ნივთებით უზრუნველყოფა.
► წაახალისეთ ბავშვების ერთად თამაში კომენტარებით: „ელენე, თამთას ხომ არ შესთავაზებ, მზარეული იყოს“.
► მოდელირება მისაღები ქცევის დემონსტრირების ერთ-ერთი გზაა. აჩვენეთ თანამშრომლობის მაგალითი, ბიძგი მიეცით პროსოციალურ ქცევას. მაგალითად: „შენ იყავი პირველი და მე შენ შემდეგ ვიქნები“, „ნინი მოწყენილია, მამა რომ დაემშვიდობა. იქნებ წიგნის ერთად წაკითხვამ დაამშვიდოს“.
► აღწერეთ, რას და როგორ თამაშობენ ბავშვები. ხშირად ბავშვები არ აქცევენ ყურადღებას, როდის უზიარებენ სათამაშოს, სხვა სოციალურ ქცევებს. ქცევებისა და ქცევების შედეგების აღნიშვნით, დაეხმარებით, გააცნობიერონ და მომავალში გააზრებულად გამოიყენონ პროსოციალური ქცევა. ბავშვები დაფიქრდებიან თავიანთ ქმედებებზე და მიხვდებიან, თუ რა ტიპის ქცევას აფასებთ. მაგალითად: „ვხედავ, როგორ ხალისობთ ერთად“, „ერთად თამაში ბევრად უფრო სახალისოა“, „თუ ერთად ითამაშებთ, კმაყოფილები დარჩებით“, „ძალიან კარგად მოიქეცი, ნიკას ქუდი რომ დაუვარდა და შენ მიაწოდე“, „კარგი მეგობარი ხარ, ლევანს მანქანა რომ დაუთმე“.
► სადილის დროს, მიუჯექით ბავშვებს, მიეცით სუფრასთან მოქცევის მაგალითი. ისაუბრეთ სხვადასხვა კერძებზე, ვის რა უყვარს, სახლში რას უმზადებენ.
► სხვადასხვა სიტუაციებში ბავშვები წაახალისეთ, ისაუბრონ, მეტი გაიგონ ერთმანეთის შესახებ, გაიცნონ ერთმანეთი. ეს მათ დაეხმარება, სხვისი თვალით დაინახონ მოვლენები და მეტად გაუწიონ ერთმანეთს ანგარიში.
► ჯგუფის წესები.ერთი წესი ყველა სიტუაციას ვერ მოერგება. შეიმუშავეთ რამდენიმე წესი სხვადასხვა ცენტრისთვის, მაგალითად, წიგნიერების ცენტრი, შეხვედრების სივრცე და ა.შ.
წესების შემუშავებისას გაითვალისწინეთ: იყოს ვიზუალურად გაფორმებული, მარტივი და კონკრეტული - ვუსმენთ სხვას, პოზიტიურად ფორმულირებული - „ვსაუბრობთ დაბალ ხმაზე“ და არა „არ იხმაურო“ და ცოტა - სამი, ოთხი ან მაქსიმუმ ხუთი.
წესები უნდა ისწავლებოდეს სისტემურად. გააცანით წესები სასწავლო წლის დასაწყისში ან როცა ახალი შემუშავებულია. ხშირად გაიმეორეთ და თანდათანობით შეამცირეთ გამეორება.
თუ ხედავთ, რომ ბავშვები წესებს ემორჩილებიან, მოიფიქრეთ ახალი წესი, რაც კონკრეტულ ჯგუფს სჭირდება. წლის დასაწყისში თითო დღეს – თითო წესი გააცანით, ბავშვებმა რომ ადვილად დაიმახსოვრონ. მას შემდეგ, რაც წესებს შეიმუშავებთ, ვიზუალურად გაფორმებული თითოეული წესი თვალსაჩინოდ გამოფინეთ ბავშვების სიმაღლეზე, რომ დღის განმავლობაში აღმზრდელმაც და ბავშვებმაც მათი გამოყენება და ჩვენება შეძლონ.
დახმარება ადვილად ამოსაცნობი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს ფოტოები, ნახატები, სიმბოლოები, კლიპარტი, ფიზიკური საგნები. ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების საჭიროებებს და შესაძლებლობებს. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ვიზუალის შერევა. წესების და შესაბამისი ქცევების დასწავლა გამიზნულად და სისტემატურად უნდა ხდებოდეს. წესების განსაზღვრისას მოიყვანეთ სხვადასხვა მაგალითი, დარწმუნდით, რომ მათ კარგად ესმით ეს წესი.
► ჯგუფის წესები უფროსი ასაკის ბავშვებთან. დაიხმარეთ უფროსი ასაკის ბავშვები წესების შემუშავებაში. წარმართეთ ჯგუფური საუბრები წესების მნიშვნელობაზე. სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ წესები. დაასრულეთ ბავშვების მოფიქრებული წესები, შეცვალეთ პოზიტიური ფორმულირებით, დააკონკრეტეთ ან განაზოგადეთ წესი. მაგალითად, თუ ბავშვი გეტყვით:„ უნდა ვათხოვოთ მეოგობარს მაკრატელი“, შეცვალეთ: „ვათხოვებთ მეგობარს ნივთებს“.
ჩართეთ ბავშვები მსჯელობაში. კითხვა, „რატომ ფიქრობ, რომ ეს წესი მნიშვნელოვანია?“, დაეხმარება ბავშვებს, გაიაზრონ წესის მნიშვნელობა. წესები ხშირად გაიმეორეთ დიდ ჯგუფში. გადაამოწმეთ მცირე ჯგუფებში, რამდენად კარგად ესმით წესები. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ინდივიდუალური მხარდაჭერა, ინდივიდუალური ინსტრუქციები, შეხსენებები.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ წესების დასწავლით არ ხდება რთული ქცევის პრევენცია. ამას კომპლექსური, თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება, სადაც დიდი წილი ბავშვის სოციალური და ემოციური კომპეტენციის მხარდაჭერას და განვითარებას ეთმობა.
იხილეთ ასევე: