ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სწავლის სფეროები, აკადემიური ხარისხები და სამუშაო გამოცდილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დასაწყებად საბავშვო ბაღში.
სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
1. უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
2. უნდა ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი კი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
2024 წლის 1 სექტემბრიდან კი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
1. უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
2. უნდა ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
3. უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი კი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.