განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევში“, ავტორიზაციის მესამე სტანდარტი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ოჯახისა და თემის ჩართულობას ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია, ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის დაგეგმვა და მათთვის კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის შეთავაზება. ერთ-ერთი ინდიკატორის მიხედვით, მშობლები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ბავშვების შეფასების შედეგების შესახებ.
თითოეული ბავშვი უნიკალურია და შესაბამისად, მათი განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიც განსხვავდება. შეფასების შედეგების გაცნობა უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის ინდივიდუალურად.
მშობლისთვის თავისი შვილი უნიკალური და ერთადერთია, ამიტომ, მიუღებელია, ზოგ მშობელს დეტალურად ესაუბროს ბაღი, ხოლო ზოგს მიაწოდოს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია. შეფასების შედეგების გაცნობისთვის აღმზრდელ–პედაგოგი/აღმზრდელი უნდა მოემზადოს, ინდივიდუალურად ჰქონდეს თითოეული ბავშვის შეფასება გააზრებული და შესაბამისი აქტივობები დაგეგმილი. წინასწარ უნდა იცოდეს რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რა დრო აქვს გამოყოფილი ამისთვის, რა უკუკავშირს ელოდება მისგან და როგორ უნდა დაგეგმოს შეფასების შესაბამისად მშობლის ჩართულობა სამომავლო აქტივობებში. შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას, აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი აუცილებლად მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკითხს და ინდივიდუალურ რეჟიმში დაგეგმოს მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის შეფასების შედეგების გაცნობა. რეკომენდებულია, შეფასების გაცნობამდე, მშობელს ზოგადად მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების შესახებ.
შედეგების გაცნობა პოზიტიური ფორმულირების ტექნიკების გამოყენებით უნდა მოხდეს. დაწესებულებამ, ბაღის პასუხისმგებელმა პერსონალმა სათქმელი დადებით კონტექსტში უნდა წარმოადგინოს, რაც, თავის მხრივ, დადებით უკუკავშირს გამოიწვევს. მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება სენდვიჩის მეთოდის გამოყენებით. ამ შემთხვევაში დაწესებულება მშობელს ჯერ აწვდის დადებითი ინფორმაციას, შემდგომ აჟღერებს არსებულ გამოწვევას და ბოლოს, კვლავ დადებითი ინფორმაციით ასრულებს.
შეფასების შედეგების გაცნობას აუცილებლად თან უნდა სდევდეს დაგეგმილი ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია. მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის ბავშვის შეფასების შედეგების გაცნობის პერიოდულობა აღმზრდელმა უნდა დაგეგმოს.
იხილეთ ასევე: