„რისთვის არსებობს ჩვენი ბაღი?“ - როგორ უნდა ჩამოაყალიბოს სკოლამდელმა დაწესებულებამ ახალი სტანდარტით საკუთარი მისია
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი, რომელიც მიმდინარე წლის 21 თებერვალს შევიდა ძალაში, ოთხი სტანდარტისაგან შედგება.
ავტორიზაციის სტანდარტებია:
- დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
- კურიკულუმი;
- ოჯახისა და თემის ჩართულობა;
- სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესს კურირებს, „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“ შეიმუშავა.
გზამკვლევში აღწერილია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, თითოეულ სტანდარტში შემავალი კომპონენტები, ინდიკატორები, მათი მიღწევისა და შესრულების გზები. თითოეული ინდიკატორის მიხედვით მოცემულია, თუ რა სავალდებულო მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს კანონმდებლობა დაწესებულებებს და როგორია აღნიშნული მოთხოვნების შესრულების ალტერნატიული გზები.
პირველი სტანდარტი, დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარებაა.
დაწესებულების მისია ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სივრცეს.
დაწესებულების, როგორც ინსტიტუციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვერცერთი დაწესებულება ვერ იქნება თავის ძირითად საქმიანობაში წარმატებული, თუ ის როგორც ორგანიზაცია არ იქნება მდგრადი. სწორედ აღნიშნულის გააზრებას, ხელშეწყობას და განვითარებას ემსახურება დაწესებულებაში მისიის, ხედვის, ღირებულებების ჩამოყალიბება და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის გამართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი სტანდარტის პირველი ინდიკატორი განიხილავს მისიასთან დაკავშირებულ საკითხებს და დაწესებულებას უყენებს ორ ძირითად მოთხოვნას:
1. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მისია;
2. განსაზღვროს მისიის შინაარსობრივი მოთხოვნები.
რა არის მისია? მისია არის მოკლე, ძირითადად რამდენიმე წინადადებისგან შედგენილი განაცხადი, რომელიც ასახავს ორგანიზაციის ფუნდამენტურ/ ძირითად დანიშნულებას. მისია არის ის ძირითადი მიზანი ან მიზეზი, რისთვისაც შეიქმნა ორგანიზაცია. მისიის საშუალებით ხდება ორგანიზაციის იდენტობის ფორმირება. იგი მიზანზეა ორიენტირებული და როგორც წესი, ამაღლებულად ჟღერს.
დაწესებულების მისიისა და ხედვის ორიგინალობას ქმნის მისი საზოგადოების, თემის სპეციფიკა, ის გამოწვევები და ღირებულებები, ის გარემო და მოცემულობა, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს ბაღი. მთავარი ორიენტირები, რაზეც მისიის ჩამოყალიბებისას უნდა კონცენტრირდეს დაწესებულება, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ბავშვის განათლება, გონებრივი და ფიზიკური განვითარება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, წარმატება, პოტენციალი, უნარები და შესაძლებლობების განვითარება და ა.შ.
მისიის ფორმულირებაზე ფიქრისას, საორიენტაციოდ, ბაღმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი კითხვები: ვინ ვართ ჩვენ? რისთვის არსებობს ჩვენი ბაღი? ვინ არიან ჩვენი დაინტერესებული მხარეები და მათი რა კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით?
კარგად ფორმულირებული მისია უნდა იყოს მოკლე, შინაარსობრივად გასაგები და მოტივაციის მიმცემი. მაგალითად, მისია შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ჩვენი მისიაა შევქმნათ უსაფრთხო და ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში ცხოვრებისთვის და სწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას“.
იხილეთ ასევე:
როგორ უნდა გადამოწმდეს ბაღის თანამშრომლების კვალიფიკაცია - ახალ დოკუმენტში გაწერილი დეტალებისაბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს შერჩეული კურიკულუმის შესაბამის მეთოდოლოგიაში მომზადებული პერსონალი - ახალი დოკუმენტი