დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა აუხსნას ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს უსაფრთხოების წესები - აქტივობა ახალ ამბებსა და ბუნებრივ მოვლენებზე
15.05.2023

სასკოლო მზაობის პროგრამის აქტივობების კრებულის მიხედვით, ბაღის აღმზრდელმა პატარებს ერთი აქტივობის ფარგლებში შეუძლია ესაუბროს ახალ ამბებზე, ჟურნალებზე, ბუნების მოვლენებზე.

1. „ახალი ამბები“

ბაღის აღმზრდელმა უნდა სთხოვოს ბავშვებს, თქვან, რა იციან იმის შესახებ, თუ სად ან როგორ იქმნება და ვრცელდება ახალი ამბები. როგორ იქმნება გაზეთები, ჟურნალები, როგორ  მუშაობს  რადიო, ტელევიზია და  ა.შ. ესაუბროს შემდგომი ორი კვირის გეგმებზე/პროექტებზე. უთხრას, რომ მოამზადებენ ჟურნალს სხვადასხვა თემაზე. ეს შეიძლება იყოს საკუთარი ჟურნალი ან ჟურნალი ბუნების მოვლენების შესახებ - მზიანი ამინდი, წვიმა, ქარიშხალი, მიწისძვრა, წყალდიდობა; აგრეთვე ესაუბროს იმაზე, რომ მოამზადებენ გადაცემას - „ჩვენ დღეს ეთერში გავდივართ“, სადაც ისაუბრებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე და ა.შ.

2. საუბარი პროექტზე: ჟურნალი ჩემ შესახებ

აღმზრდელი უნდა ესაუბროს ბავშვებს დღევანდელი დღის მიზანზე: თითოეულმა ბავშვმა უნდა მოამზადოს/ შექმნას ჟურნალი საკუთარ თავზე. სთხოვოს, გაიხსენონ გუშინდელი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალი, როგორ უნდა გაფორმდეს და ა.შ. ესაუბროს, რას ელიან, როგორი იქნება მათი ჟურნალი, რას ჩაწერენ და ვის „წააკითხებენ“.

3. საუბარი თემაზე: ბუნების მოვლენები

აღმზრდელი უნდა ესაუბროს ბავშვებს ბუნებრივ მოვლენებზე. გაიხსენონ, რა ისწავლეს თემა „ამინდის“ დროს. გაუმახვილოს ყურადღება წვიმასა და წვიმიან ამინდზე - გაარკვიოს, რა იციან წვიმის შესახებ. ჰკითხოს ბავშვებს, რაში გვეხმარება წვიმა - ყვავილებს ეხმარება გაზრდაში, ავსებს ტბებს და ა.შ. ესაუბროს, რით შეიძლება ბავშვები გაერთონ წვიმიან დღეს. განუმარტოს სიტყვები: თავსხმა წვიმა, ჟუჟუნა წვიმა, კოკისპირული წვიმა, დელგმა და ა.შ. წაახალისოს ბავშვები, განასახიერონ მათი, სხვადასხვაგვარი წვიმის ხმები. წაახალისოს და დაეხმაროს ბავშვებს, რათა მათ შეძლონ ამ თემაზე სიუჟეტის მოფიქრება ახალი ამბების რუბრიკისთვის.

4. საუბარი თემაზე: „ბუნების მოვლენები, მათთან დაკავშირებული საფრთხეები და უსაფრთხოების წესები“

აღმზრდელმა უნდა გააგრძელოს საუბარი ბუნებრივ მოვლენებზე. გაამახვილოს ყურადღება ქარზე, წვიმასა და ჭექა-ქუხილზე. ჰკითხოს ბავშვებს, ხომ არ ახსოვთ, როდის უბერავდა ძლიერი ქარი? სად იყვნენ ამ დროს, გარეთ ხომ არ გაუხედავთ? რა ხდებოდა გარეთ? სასიამოვნოა თუ არა ამ დროს სეირნობა, ხომ არ არის სახიფათო? იციან თუ არა, რომ ქარიან ამინდში სახლში უნდა დარჩნენ და ფანჯრისგან საკმაოდ შორს იყვნენ, მოძებნონ ისეთი ოთახი, სადაც არაა ბევრი ფანჯარა და იქ მოთავსდნენ და ა.შ. ჰკითხოს ბავშვებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი წვიმის დროს, ჭექა-ქუხილის დროს... ესაუბროს და გაარკვიოს, იციან თუ არა უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. დაეხმაროს ბავშვებს, მოიფიქრონ სიუჟეტი ახალი ამბებისათვის ამ თემაზე. განსაკუთრებით უნდა გაამახვილოს ყურადღება უსაფრთხოების წესებზე.

5. საუბარი თემაზე: „ბუნებრივი კატასტროფები“

აღმზრდელი უნდა ესაუბროს ბავშვებს ბუნებრივ  კატასტროფებზე. ჰკითხოს, სმენიათ თუ არა ქარიშხლის, მიწისძვრის, მეწყრის, წყალდიდობისა და ა.შ. შესახებ? თუ იციან უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ? ესაუბროს პროექტზე „ჟურნალი“. პროექტზე მუშაობისას დროს უნდა განიხილონ ბუნების მოვლენები და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება მიწისძვრაზე. გაიხსენონ, რა იციან მიწისძვრის შესახებ, შეაჯამონ ინფორმაცია და შეთანხმდნენ, რომ ჟურნალს მიწისძვრის დროს დასაცავ უსაფრთხოების წესებზე გამოუვშვებენ...

იხილეთ ასევე:

სანამ ბავშვი პასუხს გაგცემთ, დაითვალეთ გულში 10-მდე - ამ სტრატეგიას დიდი ძალა აქვს

მოიმარაგეთ საღებავი, რომელიც სიბნელეში ანათებს - „მანათობელი“ აქტივობის რეკომენდაციები საბავშვო ბაღებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი