სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ოთხი სტანდარტიდან ერთ-ერთი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერაა. ამ ნაწილში სტანდარტი განსაზღვრავს პერსონალის კვალიფიკაციასთან, მათ მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნული სტანდარტის პირველი ინდიკატორის მიხედვით, დაწესებულება დაკომპლექტებული უნდა იყოს პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას და გაითვალისწინებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
აღნიშნული ინდიკატორი ორ მთავარ მოთხოვნას უყენებს დაწესებულებას. პირველი მოთხოვნა ეხება პერსონალის არსებობას, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულება დაფუძნებული იყოს სწორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
იმისათვის, რომ პერსონალის კუთხით უზრუნველყოფილი იყოს დაწესებულების მდგრადი ფუნქციონირება, გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი საკითხები:
დაწესებულებას უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ეს ნიშნავს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე ყველა პროცესს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, თუმცა არ იგულისხმება, რომ ყველა ცალკეული ფუნქციისა და პროცესის განსახორციელებლად დაწესებულებას აუცილებლად გამოყოფილი უნდა ჰყავდეს ცალ-ცალკე ადამიანი. შესაძლებელია, რამდენიმე პროცესი ერთ ადამიანზეც იყოს დელეგირებული, მთავარია, ფუნქციების გადანაწილება რაოდენობრივად და შინაარსობრივად იყოს გამართული. მაგალითად, დაწესებულებაში მეთოდისტს, რომელიც პასუხისმგებელია საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობაზე, შესაძლებელია დაევალოს აგრეთვე სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მართვაც.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პერსონალის რაოდენობა. ამ შემთხვევაში დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ერთი მხრივ, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ, დაწესებულებაში მიმდინარე პროცესების შეუფერხებელი განხორციელება. კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილში, ამ ეტაპზე გასათვალისწინებელია აღმზრდელ–პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვებთან თანაფარდობა, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და ეს ნორმა უნდა იყოს დაცული. სხვა შემთხვევაშიც, თუ შემოვა სხვა საქმიანობის პერსონალის მიმართ რაოდენობრივი მოთხოვნის რეგულირება, დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნების გათვალისწინებაც.
ერთი აღმზრდელი 15 ბავშვზე - რამდენი ბავშვი და რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში
იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პერსონალთან მიმართებაში კანონმდებლობა არ აწესებს მოთხოვნებს, მაშინ დაწესებულებამ პერსონალის რაოდენობა ისე უნდა დაარეგულიროს, რომ ხელი შეუწყოს პროცესების უწყვეტ და შეუფერხებელ მიმდინარეობას. მაგალითად, თუ დაწესებულებაში ბევრი აღსაზრდელია, ბუნებრივია, მზარეული და ერთი დამხმარე ვერ უზრუნველყოფენ საკვების მომზადების პროცესის შეუფერხებელ განხორციელებას. ასევე, თუ ბაღის შენობა დიდია, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ერთი ან ორი თანამშრომელი ვერ უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სტანდარტით მოთხოვნილ დონეზე დაცვას და სხვა.
საჯარო დაწესებულებაში დასასაქმებელი პერსონალის რაოდენობა გაწერილია საშტატო განრიგით, რომელსაც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტი. თუმცა დაწესებულებას შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, შეუძლია აიყვანოს შტატგარეშე პერსონალიც. კერძო
დაწესებულებებს ამ მხრივ მეტი მოქნილობა აქვთ. მათ თავად შეუძლიათ განსაზღვრონ პერსონალის რაოდენობა და ფუნქციები. დაწესებულების პერსონალით დაკომპლექტებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პერსონალის დაკომპლექტებაზე ფიქრისას, დაწესებულება ძირითადად უნდა ამოვიდეს მასში მიმდინარე პროცესებიდან. ამ მხრივ, დაწესებულების ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება, შესაბამისად, საგანმანათლებლო პერსონალის არსებობა აუცილებელია.
სავალდებულოა: სწორად იქნას დაგეგმილი სასწავლო– სააღმზრდელო პროცესი, მართებულად იყოს შემუშავებული საგანმანათლებლო მეთოდოლოგია, დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, კონტროლდებოდეს პროდუქტის ხარისხი და კვების მენიუ, დაცული იყოს ბავშვების და პერსონალის უსაფრთხოება, პრიორიტეტულად ნაწილდებოდეს არსებული ფინანსები, საქმისწარმოება იყოს გამართული და სხვა.
ზემოაღნიშნული პროცესების სწორად წარმართვისათვის, დაწესებულების პერსონალს შეიძლება შეადგენდნენ:
ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ან სავალდებულო. შესაძლებელია დაწესებულებას კონკრეტული პროცესები ალტერნატიული გზით ჰქონდეს მოგვარებული, მაგალითად, მომსახურების მიღება გარე წყაროდან, ანუ იგივე გარე სერვისზე გატანა, ბუღალტრის მომსახურება ან რეცხვის მომსახურება და ა.შ.
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც უნდა იფიქროს დაწესებულებამ პერსონალის ფორმირების პროცესში არის ის, რომ ბავშვის არცერთი საჭიროება არ დარჩეს გაუთვალისწინებელი და ორგანიზაციას არ ჰქონდეს კადრების დეფიციტი, რაც გამართული ფუნქციონირების ხელისშემშლელი იქნება.
დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების სწორ განაწილებას მათი პოზიციებიდან გამომდინარე. ამასთან, ეს არ ეხება ისეთი ფუნქციების შესრულებას, რომლებიც დაწესებულებას გარე სერვისზე აქვს გატანილი. მაგალითად, რეცხვის მომსახურება და სხვა.
ფუნქციების და პასუხისმგებლობების სწორი განაწილება უკავშირდება ერთი მხრივ, პერსონალის კომპეტენციას, ხოლო მეორე მხრივ - იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებსაც ის ასრულებს დაწესებულებაში. მაგალითად, აღმზრდელ–პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს დავალებული შეთავსებით შესყიდვების განხორციელება, რადგან მას ამის კომპეტენცია არ აქვს, ასევე, აღმზრდელ–პედაგოგს არ შეიძლება ჰქონდეს დავალებული სურსათის მიღება-ჩაბარება, რადგან იგი სამუშაო დროის განმავლობაში უნდა იყოს ბავშვებთან და ამ პერიოდში არ უნდა იყოს დაკავებული სხვა, პარალელური საქმიანობით;
დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს პროცესების უწყვეტ მიმდინარეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის განხორციელება არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული თანამშრომლის დაწესებულებაში ყოფნაზე. მაგალითად, თუ გარკვეული მიზეზის გამო მზარეული არ ცხადდება სამსახურში, ამის გამო დაწესებულებამ იმ დღეს არ უნდა შეაჩეროს მომსახურების მიწოდება.
შესყიდვების პროცესის ინდიკატორის მეორე მოთხოვნაა ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას და ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის.
დაწესებულება უნდა ითვალისწინებდეს ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს, აღსაზრდელთა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, ენობრივ საჭიროებებს და სხვა.
იხილეთ ასევე:
„ზაფხულის არდადეგების პერიოდში თბილისის 100-ზე მეტი საბავშვო ბაღი გარემონტდება“