სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. 15-ჯგუფიანი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც 100-მდე ადამიანი დასაქმდება, შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს. მშენებარე ობიექტი სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა დღეს, 12 მაისს დაათვალიერა.
„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელ განათლებაზე სრულად ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას ჩვენ სერვისებზე და 500-მდე პატარას საშუალება ექნება, განათლება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ამჟამად, თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო ორი ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობიექტების ნაწილი წლის ბოლომდე გაიხსნება. ახალი ბაღების ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლიდანაც.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი განათლების საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთნენ