სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. საბავშვო ბაღების სასკოლო მზაობის ჯუფებში მყოფი პატარებისთვის მალე ახალი სამყაროს, სკოლის კარი გაიღება.
სკოლაში წასვლა რომ მათთვის სანატრელი და მიმზიდველი იყოს, ბაღის აღმზრდელს შეუძლია ეს ლექსები ასწავლოს:
დედიკოს ვფიცავარ
წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი, განა ისევ ისა ვარ!
სულ ათებზე ვისწავლი
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!
ნოდარ დუმბაძე
აი, ია
აი ია,
აი, ია
რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც,
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია,
აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
გიორგი წერეთელი
ასე ვითვლი
ერთი, ორი, სამი,
აქ დამიდგით სკამი,
ოთხი, ხუთი, ექვსი,
მსურს ვისწავლო ლექსი.
შვიდი, რვა და ცხრა,
გადითოვლა მთა,
ათი და თერთმეტი,
რაღა მინდა მე მეტი?
თორმეტი და ცამეტი,
გათოვდება მეტრმეტი,
თოთხმეტი და თხუთმეტი,
გეჩვენებით მე ცეტი?
თექვსმეტი და ჩვიდმეტი,
რაღა გითხრათ მე მეტი?
ჰო, და, კიდევ თვრამეტი
ცხრამეტი და ოცი,
ჰა, დათვლასაც მოვრჩი.
მანანა კაკაჩია
ბაქია
- კარგად იცი ანგარიში,
ჩემო ზურიკელა?
- როგორ არა, მთელ ჩვენს კლასში
მე ვჯობივარ ყველას.
- ვთქვათ, გაქავს ხუთი ფორთოხალი,
დაგიმატეს სამი,
აბა მითხარ რამდენია
ამ რიცხვების ჯამი?
ჩვენ ვაშლებზე ვანგარიშობთ,
გერასიმე ძია.
ფორთოხლებზე ანგარიში
ჯერ არ გვისწავლია.
შოთა ამირანაშვილი
...ერთს რომ ერთი მივუმატოთ,
მეკითხები მალ-მალე,
განა დიდი გავიზარდე,
ბაღიც ვერ დავამთავრე.
როცა წიგნებს მიყიდიან,
შევუდგები სწავლას,
მერე ხუთს ათს მივუმატებ
და დავიწყებ დათვლას.
ცირა ტურაშვილი
დაირეკა სკოლის ზარი
დარი დარი, დარი დარი
შემოვაღე სკოლის კარი,
შემოვუსხდით მერხებს ყველა,
აწკრიალდა ცოდნის ზარი,
მერხზე დამხვდა დედაენა,
ყველასათვის საფიცარი,
აი ია, აი თათი,
აი ჩემი საკითხავი,
მიყვარს წიგნი, სწავლა, სკოლა,
მასზე კარგი არა არის,
მშობლიური ანაბანა,
არის მართლაც საოცარი,
დარი დარი, დარი დარი,
დაირეკა სკოლის ზარი,
კართან დედა მელოდება,
ამაყი და მომღიმარი!
მაია წიგნაძე
დათვის ბელი
- დათვის ბელი სად მიდის
ამოდენა ჩანთით?
- სად მიდის და სკოლაში.
- თან რა მიაქვს?
- თაფლი!
- კიდევ?
- ბლომად მოცხარი,
ამდენივე პანტა,
წიგნებისთვის ჩანთაში
ადგილი არ დარჩა.
თანაც ისე ზოზინით
მიუყვება ბილიკს,
სადაცაა გამოვა
ბოლო გაკვეთილიც.
ნათია ჯანაშია
დედის დარიგება
გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება!
მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა
შენსა ქვეყანას გამოადგება.
იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა,
დიდი განძია სწავლის შეძენა,
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად
გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!
მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია.
გიორგი ჭალადიდელი
ვერვინ ჯობნის სწავლაში
იცით, ანასტასიას
უყვარს დიდხანს თამაში,
მაგრამ მაინც იცოდეთ,
ვერვინ ჯობნის სწავლაში.
გახლავთ მეტად ბეჯითი,
ზრდილი, თბილი, ჭკვიანი,
„დედის გულის ვარდია“
და ამინდი მზიანი.
ნათია აბულაძე
ზარები
ბავშვებს სკოლისკენ უხმობენ,
რეკენ ჟღრიალა ზარები,
თავქუდმოგლეჯით გარბიან,
ცელქები, აბეზარები.
მიისწრაფვიან სკოლისკენ,
თამაშზე სულ არ ნაღვლობენ,
მიუსხდებიან მერხებს და,
ათიანებზე სწავლობენ.
მანანა ტონია
მე სკოლაში მივდივარ
სკოლისათვის ვემზადები,
ახლა უკვე დიდი ვარ,
დღეს პირველად,
სულ პირველად
მე სკოლაში მივდივარ.
ჩანთას ვეძებ,
წიგნებს ვეძებ,
არ ვივიწყებ არაფერს,
უჰ, რამდენჯერ სავსე ჩანთა
ისევ ამოვალაგე.
ფანჯარაზე ჭრელი კატა
წევს და ჩუმად კრუტუნებს.
ჩემს უცნაურ ორომტრიალს
ის შორიდან უყურებს.
ჭრელ კუდს იქნევს, ქურდბაცაცას
ულვაშები უბზინავს,
თან დამცინის: ეგ ჩანთა ხომ
გასტენეო უწინაც...
სტყუი, ფისო, შემომხედე!
ახლა მართლა დიდი ვარ,
დამიჯერე,
დღეს ნამდვილად
მე სკოლაში მივდივარ.
ქეთევან ქუჩუკაშვილი
მეც უფროსი გამოვალ
წელს მივდივარ სკოლაში
და დიდივით ვფიქრდები,
რა გამოვალ ნეტავი,
როცა დიდი ვიქნები?
როცა ვცელქობ, მეტყვიან,
დაუჯერე უფროსებს
შენ ხომ კარგი გოგო ხარ,
გაეჯიბრე უფრო სხვებს.
მე უკვე გადავწყვიტე,
პირველ კლასში წამოვალ,
თქვენ ჯინაზე, იცოდეთ,
მეც უფროსი გამოვალ.
იოსებ ციცქიშვილი